ირაკლი კობახიძე - არ არის გასაკვირი, რომ 2012 წლის შემდეგ წინა ხელისუფლება ყველა არჩევნებში დამარცხდა
ირაკლი კობახიძე - არ არის გასაკვირი, რომ 2012 წლის შემდეგ წინა ხელისუფლება ყველა არჩევნებში დამარცხდა

ჩვენმა მოსახლეობამაც, მეგობრებმაც და მტრებმაც საზღვარგარეთ, უნდა იცოდნენ და დარწმუნებულნი იყვნენ, რამდენად მტკიცეა საქართველოს ერთგულება დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, პროდასავლური საგარეო პოლიტიკის, მშვიდობის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და საბაზრო ეკონომიკის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმზე, „მრავალმხრივი მიდგომების შემუშავება საქართველოს დემოკრატიული ნარატივის გასამყარებლად”, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, არის რეალობა, რომ დემოკრატიზაციის წარმატება, უკეთესი მმართველობა, არ არის საკმარისი ეფექტური კომუნიკაციისთვის შიდა და საერთაშორისო აუდიტორიასთან.

„რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება პარადოქსული ვითარების წინაშე იდგა, წინამორბედი ადმინისტრაციისგან განსხვავებით. ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშურა მოსახლეობისა და საერთაშორისო საზოგადოების საკუთარ დემოკრატიულ მისწრაფებებში დასარწმუნებლად, რეალური ვითარება გაცილებით მძიმე იყო და კიდევ უფრო უარესდებოდა. არ არის გასაკვირი, რომ 2012 წლის შემდეგ, ისინი ყველა არჩევნებში დამარცხდნენ. ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მიუხედავად მასშტაბური რეფორმებისა, ცდილობს, ახსნას და მოახდინოს კომუნიკაცია დემოკრატიზაციისკენ, სახელმწიფოს მშენებლობისა და ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული თითოეული წარმატების შესახებ. ვაცნობიერებთ, რომ ამ საკითხების შესახებ სტრატეგიული კომუნიკაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლებისთვის, არამედ მას არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენმა მოსახლეობამაც, მეგობრებმაც და მტრებმაც საზღვარგარეთ, უნდა იცოდნენ და დარწმუნებულნი იყვნენ, რამდენად მტკიცეა საქართველოს ერთგულება დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, პროდასავლური საგარეო პოლიტიკის, მშვიდობის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და საბაზრო ეკონომიკის მიმართ. ეს შვიდი სვეტი განსაზღვრავს საქართველოს მომავალს და ეს უნდა იყოს ჩვენი საშინაო და საერთაშორისო დიალოგის მთავარი შინაარსი. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი მდგრადი და ეფექტური ძალისხმევა გაგრძელდება და მისი მიზანი და მნიშვნელობა მიაღწევს შესაბამის აუდიტორიამდე. ჩვენს ხელისუფლებას ბევრი მნიშვნელოვანი, თუმცა, მტკივნეული რეფორმა აქვს განსახორციელებელი. ჩვენ ვახორციელებთ ამ რეფორმებს მტრული ანტიდასავლური პროპაგანდის პირობებში. აქედან გამომდინარე, გვჭირდება სტრატეგიული მიდგომა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ჩვენი გეგმებისა და ცრუ ბრალდებების შესახებ კომუნიკაციით”, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, პარლამენტი ხდება ქართული პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი, მომავალი პოლიტიკის ფორმულირების საერთო კოორდინაციის ჩათვლით.

„ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ აქტიური მონაწილეობა სტრატეგიულ კომუნიკაციასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებაში. მჯერა, რომ დღევანდელი კონფერენცია კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯია სწორი მიმართულებით”, – აღნიშნა კობახიძემ.