ირაკლი კობახიძე - ანაკლიაში პორტის მშენებლობა ჩვენთვის პრიორიტეტია, გაგრძელდება მუშაობა, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს
ირაკლი კობახიძე - ანაკლიაში პორტის მშენებლობა ჩვენთვის პრიორიტეტია, გაგრძელდება მუშაობა, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ჩვენთვის პრიორიტეტია და გაგრძელდება მუშაობა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით განხორციელდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა დამაჯერებელი ის, რომ ეკონომიკის მინისტრმა არ იცოდა ფოთის პორტთან დაკავშირებით ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ გაცემული დოკუმენტის შესახებ, კობახიძე ამბობს, რომ შესაძლებელია, გარკვეული გადაწყვეტილება ისე ყოფილიყო მიღებული, რომ მინისტრი საქმის კურსში არ ყოფილიყო.

„როგორც მოგეხსენებათ, იყო სპეციფიკური ვითარება.როდესაც მოხდა სამინისტროში ცვლილება, შეიცვალა მინისტრი. ასეთ ვითარებაში არის შესაძლებელი ის, რომ გარკვეული გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული ისე, რომ მინისტრი არ იყო ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში.

აქ არის ჩასახედი დეტალებში, ისე ბუნებრივია დასკვნის გაკეთება არის შეუძლებელი. მთავარია, რომ ვითარება არის დღეს დალაგებული, ყველაფერს მოეფინა ნათელი და ყველაფერი გაგრძელდება ისე, რომ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები იყოს გატარებული. ჩვენთვის პრიორიტეტი არის ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. ამაზე ვსაუბრობთ ყოველ ჯერზე, როდესაც გვაქვს საშუალება, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში, საბოლოო ჯამში წარმატებით განხორციელდეს”. განაცხადა ირაკლი კობახიძემ.