ირაკლი კობახიძე - ალექსეი გონჩარენკოს სიტყვას ფასი არ აქვს, ეს კაცი გეორგიევსკის ლენტით დარბოდა ჯერ და მერე გახდა უკრაინის გულმხურვალე გულშემატკივარი
ირაკლი კობახიძე - ალექსეი გონჩარენკოს სიტყვას ფასი არ აქვს, ეს კაცი გეორგიევსკის ლენტით დარბოდა ჯერ და მერე გახდა უკრაინის გულმხურვალე გულშემატკივარი

ალექსეი გონჩარენკოს სიტყვას ფასი არ აქვს არც უკრაინაში და მით უმეტეს, ჩვენთანაც ვერ ექნება რაიმე ფასი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „თუ არაფერი შეიცვლება სააკაშვილზე, ვფიქრობ, ელჩს უკრაინაში დაბრუნების უფლება აღარ მიეცემა“.

„ასეც და ისეც, გონჩარენკოს არცერთი სიტყვა არ არის ღირებული. თქვენ იცით, ვინ არის ეს კაცი, ხომ?! გეორგიევსკის ლენტით დარბოდა ჯერ და მერე გახდა უკრაინის გულმხურვალე გულშემატკივარი. არავითარი ფასი არ აქვს არც უკრაინაში სხვათა შორის და მით უმეტეს, ჩვენთანაც ვერ ექნება გონჩარენკოს რაიმე სიტყვას რაიმე ფასი. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება, გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობები, ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა შემთხვევაში დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ერთი მარტივი მიზეზის გამო – ერთი ის არის, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ საუკუნოვან მეგობრობას საქართველოსა და უკრაინას შორის, ქვეყნებს შორის, ხალხებს შორის და მეორე – უკრაინა, ეს ქვეყანა დღეს არის ომის მდგომარეობაში. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ უნდა დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში თუნდაც, უკრაინის ხელისუფლებასთან, მიუხედავად ამ შეურაცხმყოფელი ნაბიჯებისა, რომლებიც გადაიდგა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.