საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სერბეთიდან პრეზიდენტის დონეზე პირველად განხორციელებული ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს ახალ იმპულსს შესძენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.
„მხარეებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. აღინიშნა, რომ სერბეთის მხარის გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაგრძელდა გაფართოებულ ფორმატში, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მიმდინარე სამუშაო პროცესს, რაც ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს. აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი, მზადაა სერბეთთან პარტნიორობის გაღრმავებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალის სრულად ათვისებას.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანა განაგრძობს ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმებების განხორციელებას და იმედი გამოთქვა, რომ სერბეთი ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს“, – აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.