ირაკლი კობახიძე - ალბანეთში, მრგვალი მაგიდის ფორმატში ვისაუბრე უსამართლო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ, თავი არ აუწევია ბრიტანეთის პრემიერს, არ სიამოვნებდა ფაქტებზე საუბარი
ირაკლი კობახიძე - ალბანეთში, მრგვალი მაგიდის ფორმატში ვისაუბრე უსამართლო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ, თავი არ აუწევია ბრიტანეთის პრემიერს, არ სიამოვნებდა ფაქტებზე საუბარი

კანდიდატის სტატუსსა და მოლაპარაკებების გახსნას იყენებდნენ იმისთვის, რომ დავეშანტაჟებინეთ და საქართველოში გაეხსნათ მეორე ფრონტი. როდესაც ფაქტებით ვესაუბრებით ადამიანებს საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე, პასუხი არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში „დიფ სთეითი“ ევროპული ბიუროკრატიის ხელით რევოლუციის მოწყობას ცდილობდა.

„ალბანეთში გვქონდა გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც ჩემი სიტყვის დაახლოებით მესამედი დავუთმე იმას, თუ რამდენად უსამართლოა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. თავი არ აუწევია, მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რადგან არ სიამოვნებდა იმ ფაქტებზე საუბარი, რაც პირდაპირ მეტყველებს უსამართლო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. როდესაც პირისპირ ვესაუბრებით ადამიანებს და ფაქტებით ვუდასტურებთ იმ უსამართლობას, რომელსაც ჩადიან საქართველოს მიმართ, პასუხი არ არსებობს ამაზე, არავითარი პასუხი კითხვაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ. ვისმენთ მხოლოდ ზედაპირულ, უარგუმენტო განცხადებებს. ჩვენ გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე და მოლაპარაკებების გახსნაზე, ამას აკეთებდნენ სამი წლის განმავლობაში. რევოლუციას გვიწყობდა საქართველოში „დიფ სთეითი“ ევროპული ბიუროკრატიის ხელით. ვინც რევოლუციას გვიწყობდა, იმას არავითარი ლეგიტიმური უფლება არ აქვს, რომ რამე მოგვთხოვოს ჩვენ, პირდაპირ გვიწყობდნენ რევოლუციას, ევროპული ბიუროკრატია პირდაპირ იყო ამაში ჩართული. მათ შორის, ისინი, ვინც, მაგალითად, თავს იკავებდა მოლოცვებისგან, ისინი ხომ პირდაპირ ახალისებდნენ რევოლუციას საქართველოში, სხვა მიზანი არ ჰქონდა ამ ყველაფერს. ამიტომ კეთილი ინებონ და საკუთარ გულში ჩაიხედონ, საკუთარ უსამართლობას მიხედონ და მერე დაგველაპარაკონ. დაგველაპარაკონ არგუმენტებით, თუ რატომ აწვალეს სამი წელი ქართველი ხალხი, რატომ გვეუბნებოდნენ უარს ჯერ კანდიდატის სტატუსზე და შემდეგ მოლაპარაკების გახსნაზე. ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ „დიფ სთეითი“ ევროპული ბიუროკრატიის ხელით გვეტყოდა უარს კანდიდატის სტატუსზე, რათა შანტაჟისთვის გამოეყენებინათ საქართველოს წინააღმდეგ ეს ყველაფერი, ის იყო მთავარი მიზეზი იმისა, რატომაც ორი დღის განმავლობაში გვქონდა მსჯელობა ამაზე. მაშინ იყო პირდაპირი მოთხოვნა, რომ საქართველოს გაეხსნა მეორე ფრონტი. რაც გავთვალეთ, ის მოხდა – კანდიდატის სტატუსსა და მოლაპარაკებების გახსნას იყენებდნენ იმისთვის, რომ დავეშანტაჟებინეთ და საქართველოში გაეხსნათ მეორე ფრონტი“, – განაცხადა პრემიერმა.