ირაკლი კობახიძე - აგვისტოს დღეებმა ტკივილთან ერთად, ჩვენი გმირების გამო სიამაყის გრძნობაც დაგვიტოვა
ირაკლი კობახიძე - აგვისტოს დღეებმა ტკივილთან ერთად, ჩვენი გმირების გამო სიამაყის გრძნობაც დაგვიტოვა

მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს სამხედროებს, მოხალისეებს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც 10 წლის წინ ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად იდგა,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ მუხათგვერდში, 2008 წლის ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალთან განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, აგვისტოს ომმა ტკივილთან ერთად სიამაყის გრძნობაც დატოვა, რომელიც ჩვენს გმირებს უკავშირდება.

„აგვისტოს დღეებმა  დაგვიტოვა ძალიან დიდი ტკივილი და მძიმე მოგონებები ომის შესახებ, ადამიანური ტრაგედიების შესახებ, დაგვიტოვა დაკარგული ტერიტორიები, თუმცა ასევე დაგვიტოვა სიამაყის განცდა, რომელიც პირველ რიგში ჩვენს გმირებს უკავშირდება. დღეს ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს სამხედროებს, მოხალისეებს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც გულანთებული იდგა 10 წლის წინ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენ ვალი უნდა მოვიხადოთ მათ წინაშე და ყველაფერი გავაკეთოთ  ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხელისუფლების წევრები მეგობარი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად, მუხათგვერდში იმყოფებოდნენ, სადაც გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.