ირაკლი კობახიძე - აგენტებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცნობილია, იგულისხმებიან სუბიექტები, რომლებიც ჩართული არიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში
ირაკლი კობახიძე - აგენტებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცნობილია, იგულისხმებიან სუბიექტები, რომლებიც ჩართული არიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში

აგენტებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცნობილია. ვის ვგულისხმობთ აგენტების ქვეშ, ეს კარგად არის ცნობილი საზოგადოებისთვის. იგულისხმებიან ის სუბიექტები, რომლებიც ჩართული არიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმითვე, ეს არ ეხება არასამთავრობო სექტორს.

„რა თქმა უნდა, არის რამდენიმე ყველაზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში. ისინი სცენაზე იდგნენ და ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, რაც არ არის არასამთავრობო ორგანიზაციის საქმე. საია-ს ყოფილმა თავმჯდომარემ თქვა, რომ ის არ იდგა სცენაზე და დადასტურდა, რომ არ იდგა სცენაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა საფუძველი, რომ მათთან ერთად ვმსხდარიყავით, მაგრამ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დგას პოლიტიკურ სცენაზე, ითხოვს მთავრობის გადადგომას, ჩართულია არა მხოლოდ პოლიტიკურ საქმიანობაში, არამედ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაშიც.

ასევე, იცით, ოპოზიციასთან დაკავშირებით როგორია ჩვენი დამოკიდებულება. ოპოზიციის შიგნითაც არიან სუბიექტები, რომლებიც არიან უცხოელი აგენტები და რომლებიც არ არიან უცხოელი აგენტები. ჩვენ გვიწევს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად პარლამენტში მუშაობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც გათვალისწინებულია პარლამენტის რეგლამენტით. ეს ვერ შეცვლის, ბუნებრივია, ჩვენს დამოკიდებულებას, აგენტს ყოველთვის დავუძახებთ აგენტს.

უცხოელ აგენტებზე როდესაც გვქონდა საუბარი, იგულისხმებოდნენ კონკრეტული ყველაზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, მათ შორის, ესწრებოდნენ ბაკურიანის შეხვედრას, სცენაზე იდგნენ და ა.შ. ეს კონკრეტიკა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ჩვენ საუბარი არ გვქონდა მთლიანად არასამთავრობო სექტორზე. არასამთავრობო სექტორში არის უამრავი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ძალიან მნიშვნელოვან თემებზე – გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, განათლების მიმართულება და სხვები. ძალიან ფართოა სპექტრია. ჩვენ ამ ორგანიზაციებს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც საუბარი ეხება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკაში, თან ანტისახელმწიფოებრივი მისწრაფებებით, მათთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციაც ასეთი იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.