ირაკლი კობახიძე - აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის
ირაკლი კობახიძე - აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის

მუხთარლის საქმე არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმე, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, გაირკვეს რა მოხდა, როგორ მოხდა და აქედან გამომდინარე, პარლამენტი ამ მიმართულებით განსაკუთრებით დაინტერესებულია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ თავის დროზე აღვნიშნეთ, რომ არ გამოვრიცხავდით საგამოძიებო კომისიის შექმნას. მუხთარლის საქმე არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმე ჩვენთვის და ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია, ისმევა კითხვები. მათ შორის, უცხოელი პარტნიორების მხრიდან. ესეც რომ არ იყოს, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, გაირკვეს რა მოხდა, როგორ მოხდა და აქედან გამომდინარე, პარლამენტი ამ მიმართულებით არის განსაკუთრებით დაინტერესებული.

მისი თქმით, აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისია შექმნა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის.

„რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ამას სჭირდება აწონ-დაწონვა. ჩვენ ვიცით, რომ იყო მოთხოვნა შსს-დან, გადასულიყო გამოძიება პროკურატურაში და ახლა პროკურატურა იძიებს საქმეს, აქედან გამომდინარე, შეიძლება მივცეთ დრო პროკურატურას, რომ ბოლომდე მიიყვანოს გამოძიება. პროკურატურას აქვს სირთულეები საქმის გამოძიების დროს, მათ შორის იმის გამო, რომ აუცილებელია მუხთარლის დაკითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით, რაც ართულებს ბუნებრივია საქმის გამოძიებას. აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისია შექმნა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. ამ საკითხს შეგვიძლია მივუბრუნდეთ იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ გამოძიება შედეგს ვერ დებს“, – აღნიშნა კობახიძემ.

ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს მან ადვოკატს განუცხადა, რომ ის, ძალის გამოყენებით, აზერბაიჯანში გადაიყვანეს. აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან მუხტარლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლი წაყენებულ ბრალს – საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდისა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ არ აღიარებს.