ირაკლი კობახიძე - აჟიტირებული 8 000 ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე, ამ 8 000 ადამიანიდან 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც ექვსი ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე
აჟიტირებული 8 000 ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე და ამ 8 000 ადამიანიდან შემდეგ 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც ექვსი ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათ სცადეს ხელისუფლების დამხობა, შესაბამისი ანონსით გავიდნენ აქციაზე, ჩავარდა და შემდეგ გაემიჯნენ.
„გახსოვთ, როგორი აჟიტირებული იყო ეს ხალხი, როდესაც შეიკრიბნენ თავისუფლების მოედანზე, დაახლოებით 8 000 კაცი იყო შეკრებილი, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, კონკრეტული პარტიები იყვნენ, რომლებიც მონაწილეობდნენ დამხობის აქციაში, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს დამხობის აქციას. როგორც კი ჩავარდა ეს აქცია, მაშინვე ყველა გაემიჯნა, არავის არ უნდოდა ორგანიზატორების ბედის გაზიარება. ფაქტი ფაქტად დარჩა, აჟიტირებული ადამიანები, მათ შორის ერთ-ერთი იყო სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტის სასახლის შორიახლოს ტრიალებდა რუსთაველის გამზირზე, ელოდებოდა საკუთარ ბედის გაღიმებას და ბოლოს დარჩა გაწბილებული. ამ გაწბილების შემდეგ გაემიჯნა ამ აქციას. ყველამ დაინახა, რაც ხდებოდა. აჟიტირებული 8 000 ადამიანი მივიდა თავისუფლების მოედანზე და ამ 8 000 ადამიანიდან შემდეგ 7 994 გაემიჯნა იმ აქციას, მას შემდეგ, რაც ექვსი ადამიანი მოხვდა საკანში. ეს არის მათი სახე. ესეც კი არ იციან, რომ როდესაც ვიღაცას მიჰყვები დამხობის აქციაზე, ბოლომდე მაინც გაჰყვე. აბსოლუტურად ამორალური ადამიანები არიან. როგორ შეიძლება, სალომე ზურაბიშვილს მორალზე ელაპარაკო. ყველამ ძალიან კარგად იცის მისი პოლიტიკური წარსულის და აწმყოს შესახებ. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. მათ სცადეს, ხელისუფლების დამხობა, შესაბამისი ანონსით გავიდნენ აქციაზე, ჩავარდა და შემდეგ გაემიჯნენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მოაზრებული ჰქონდათ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა, როგორც პირველი გამარჯვება და მერე ჰქონდათ სისტემის ჩამოშლის იმედი, ესეც აბსურდია და ვერ მიაღწევდნენ, თუმცა ასეთი გეგმა იყო.
„პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა უნდა ყოფილიყო პირველი გამარჯვება და ამას უნდა მოჰყოლოდა შემდეგ სხვა ადმინისტრაციული შენობების აღება. ჩვენ ვიყავით სრულად მობილიზებული და სახელმწიფო არის ძალიან ძლიერი, შესაბამისად, იმთავითვე განწირული იყო ეს გეგმა. ფაქტია, რომ 8 000 აჟიტირებული ადამიანი მონაწილეობდა ამ გეგმის აღსრულებაში, შესაბამისად, ყველამ კარგად დაინახა ყველაფერი, როგორია ოპოზიციის სახე, როგორია სახელმწიფოს პოზიციები. სახელმწიფო არის ძლიერი და ოპოზიცია არის არამარტო სუსტი, არამედ სრულიად არაკეთილსინდისიერიც. ამის გამოხატულება იყო ის პროცესები, რომლებიც შემდეგ გაგრძელდა. დღეს ხედავთ, რომ 150 უცხოელი აგენტის გარდა, რეალურად არავინ აქტიურობს ქუჩაში და მათი აქტიურობაც არის რადიკალურად დასუსტებული. ასე გაგრძელდება ეს პროცესები, ვერავინ მისცემს 150 უცხოელ აგენტს სამი მილიონ 900 ათას ადამიანზე ძალადობის საშუალებას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ბუნებრივია, ბოლომდე გავიტანთ ამას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.