ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უმრავლესობის შეკრებები პარლამენტში პერიოდულად იმართება
უმრავლესობის შეკრებები პარლამენტში პერიოდულად იმართება, – ასე უპასუხა პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას, რომ „უცბად ჩანიშნეს უმრავლესობის სხდომა, რათა სირცხვილის კორიდორში არ გაევლოთ“.
„როდესაც პარლამენტში ვიკრიბებით, როგორც წესი, განიხილება ხოლმე მიმდინარე საკითხები. თუ არის განსაკუთრებული შემთხვევა, განსაკუთრებული თემები, ამ შემთხვევაში, ვიკრიბებით გაფართოებულ ფორმატში პარტიის ოფისში. სამწუხაროდ, ვერ ვესწრებოდი სხდომას, თუმცა ბუნებრივია, განხილული იყო ყველა მიმდინარე თემა, მათ შორის საარჩევნო სისტემის საკითხიც. ოპოზიციურ პარტიებთან ვაწარმოებთ კონსულტაციებს. მეხუთე რაუნდი უახლოეს მომავალში გაიმართება და ბუნებრივია, ესეც იქნებოდა ერთ-ერთი განსახილველი თემა.
ჩვენ წარდგენილი გვაქვს შეთავაზება 100/50 და ველოდებით პასუხს ამასთან დაკავშირებით. კონსულტაციების გაგრძელება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ოპოზიციის პასუხი. კონსულტაციები ზოგადად აუცილებლად გაგრძელდება, თუმცა ველოდებით, რომ ოპოზიციის პასუხი იქნება კონსტრუქციული, რაც მოგვცემს შეთანხმების მიღწევის საშუალებას. ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევის რესურსი არსებობს. მთავარია, ყველა მხრიდან კონსტრუქციული მიდგომა იყოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.