ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება უმრავლესობის სხდომა და მიიღებენ გადაწყვეტილებას, დაუჭერენ თუ არა მხარს გოცირიძე-დეკანოიძის ინიციატივას
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება უმრავლესობის სხდომა და მიიღებენ გადაწყვეტილებას, დაუჭერენ თუ არა მხარს გოცირიძე-დეკანოიძის ინიციატივას

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ეტაპზე უმრავლესობას არ აქვს გადაწყვეტილი, დაუჭერს თუ არა მხარს გოცირიძე-დეკანოიძის ინიციატივას. კობახიძის თქმით, მათ მხოლოდ მხარი დაუჭირეს დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნას.

საუბარია ცვლილებებზე, რომლის მიღების შემთხვევაში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.

„თავიდან ამბობდნენ ხუთ ოპოზიციონერ დეპუტატზე, რომ მათ მხარი დაუჭირეს საბჭოს წევრებს, ახლა, როგორც ჩანს, ეჭვი გაუჩნდათ ასევე დეკანოიძესა და გოცირიძეზე, მათი საქმეა, ვიზე ექნებათ ეჭვი, ვის დააბრალებენ ერთმანეთში, ეს არის მათი საქმე, ამაში ჩვენ არ გვინდა შესვლა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ კანონპროექტს, ჩვენ გადაწყვეტილიც არ გვაქვს მხარდაჭერა, უბრალოდ, დაჩქარებული წესით მოითხოვეს და ამას დავუჭირეთ მხარი. უახლოეს დღეებში გვექნება უმრავლესობის შეკრება და მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ კანონპროექტის მხარდაჭერა-უარყოფასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ დეკანოიძე-გოცირიძის მიერ პოლიტიკური ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არავის არაფერს აბრალებს, თუმცა ეს ფაქტი თუ შედგა, პოლიტიკური კორუფცია იქნება. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ინტერესში შედის, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს. ანა წითლიძემ განმარტა, რომ, კანონმდებლობით, საარჩევნო ბლოკით გასულ წევრებს, თუ ისინი დატოვებდნენ ფრაქცის, არ ჰქონდათ შესაძლებლობა, პოლიტიკური ჯგუფი შეექმნათ იმავე დაფინანსებით, რაც აქვს ფრაქციას. „ეს ახალისებს ყველა იმ ადამიანს, ვინც ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამბობს ანა წითლიძე.