ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმე სამართლებრივ ჭრილში უნდა იყოს განხილული
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმე სამართლებრივ ჭრილში უნდა იყოს განხილული

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმე სამართლებრივი საკითხია და სამართლებრივ ჭრილში უნდა იყოს განხილული.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმის პოლიტიკურ ქვეტექსტებზე ვერ ისაუბრებს.

„ამაზე აქტიურად ოპოზიცია საუბრობს და ეს მათი მხრიდან მოსალოდნელიც არის, თუმცა ეს წმინდად სამართლებრივი საკითხია და სამართლებრივ ჭრილში უნდა იყოს განხილული“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. უწყების  ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.