ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ, შესაძლოა, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის შესწორებული რედაქცია ვენეციის კომისიაში ხელმეორედ გაიგზავნოს
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ, შესაძლოა, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის შესწორებული რედაქცია ვენეციის კომისიაში ხელმეორედ გაიგზავნოს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის შესწორებული რედაქცია, შესაძლოა, ვენეციის კომისიაში ხელმეორედ გაიგზავნოს.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა უახლოეს მომავალში შედგება და საკომიტეტო დონეზე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება.

„ამის შემდეგ, ვიდრე განახლდება პლენარულ ფორმატში განხილვა, შესაძლებელია, კანონპროექტი გავგზავნოთ ​ვენეციის კომისიაში, ამაზეც მიდის მსჯელობა. უახლოეს მომავალში, დაახლოებით ორ კვირაში განახლდება ამ კანონზე საკომიტეტო ფორმატში მსჯელობა. ამაზე იყო კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათი მხრიდან გამოიხატა ასეთი ინტერესი, შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ, რომ ხელმეორედ გაიგზავნოს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში, უკვე ჩასწორებული დოკუმენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.