ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ანტიკორუფციული მიმართულებით 2012 წლის შემდგომ მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს და ამას არაერთი კვლევა აჩვენებს
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ანტიკორუფციული მიმართულებით 2012 წლის შემდგომ მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს და ამას არაერთი კვლევა აჩვენებს

საპარლამენტო უმრავლესობის წვერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცენტრალური ოფისის კვლევა საქართველოსთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივია.

კობახიძე ამბობს, რომ ქვეყანას ანტიკორუფციული მიმართულებით 2012 წლის შემდგომ მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს და ამას არაერთი სხვა კვლევაც აჩვენებს.

ტერმინი ხელისუფლების მიტაცება კი კობახიძის მტკიცებით, ეკა გიგაურს ეკუთნის, რომელმაც ცდუნებას ვერ გაუძლო და ცენტრალურ ოფისს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

„თვითონ მონაცემები არის წინააღმდეგობრივი. ერთის მხრივ, საქართველო გამოკვეთილია როგორც აშკარა ლიდერი ანტიკორუფციული თვალსაზრისით, ჩვენ ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი, და ამასთან ერთად, გამოყენებულია ის ტერმინი, რომლიც მიაწოდა ეკა გიგაურმა თავის ბერლინის ოფისს – ეს არის სახელმწიფოს მიტაცება. თავის თავს ეწინააღმდეგება ეს კვლევა. ცდუნება დიდია, დაწერო ის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ანტიკორუფციული თვალსაზრისით, ამას აჩვენებს ბევრი კვლევა, ამ რეალობას ვერ გაექცნენ და შემდეგ ჩაწერეს ის ტერმინი, რომელიც ძალიან მოსწონს ეკა გიგაურს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ კორუფციის აღქმის ინდექსი გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს. ორგანიზაციის ახალ ანგარიშში საქართველოს 100 ქულიდან 56 აქვს მინიჭებული.