ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაშვებულ შეცდომასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება დელიკატური საკითხია და ეს მხოლოდ ამერიკული მხარის ჩართულობით შეიძლება წარიმართოს
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაშვებულ შეცდომასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება დელიკატური საკითხია და ეს მხოლოდ ამერიკული მხარის ჩართულობით შეიძლება წარიმართოს

გამოძიება ცოტა დელიკატური საკითხია, რადგან საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ორი ათეული წელია მუშაობს საქართველოში და აქამდე არ დაფიქსირებულა ასეთი მნიშვნელოვანი ხარვეზი, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაშვებულ შეცდომასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.

მისივე თქმით, გამოძიება მხოლოდ ამერიკული მხარის ჩართულობით შეიძლება წარიმართოს.

„ცოტა დელიკატური საკითხია, რადგან საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც უკვე ორი ათეული წელია მუშაობს საქართველოში და აქამდე არ დაფიქსირებულა ასეთი მნიშვნელოვანი ხარვეზი, pvt-ში იმ რვა პროცენტთან დაკავშირებითაც. შესაბამისად, ამას სჭირდება ჩაღრმავება. რაც შეეხება გამოძიებას, თუ საუბარია სისხლის სამართლებრივ გამოძიებაზე, ეს არის დელიკატური საკითხი. თუ ასეთი რამ განიხილება, მხოლოდ და მხოლოდ ამერიკული ჩართულობით შეიძლება, ასეთი გამოძიება წარიმართოს, სხვაგვარად არ ივარგებს, რადგან საქმე ეხება ამერიკული და ევროპული დაფინანსებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ორ ტყუილზე დაყრდნობით ააგო რევოლუციური სცენარი და ამას ხელისუფლების მხრიდან რეაქცია სჭირდება.

„ჯერჯერობით არ მიგვიღია უბნების სია და ჩვენი ვარაუდი  ყოველდღიურად მძაფრდება ამ რვა პროცენტთან დაკავშირებით. რეალურად, არავითარი უბნების რვა პროცენტი არ არსებობს, სადაც ISFED-ის პირველადი მტკიცებით, ფიქსირდება ბიულეტენების სიჭარბე. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ანუ pvt-იც იყო რეალურად ყალბი, შეცდომა, თუ როგორც არის და ეს რვა პროცენტიც იყო ტყუილი. პირველი უკვე საჯაროდ დაადასტურა ISFED-მა, დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, მათ მოუწევთ მეორე ტყუილის დადასტურებაც, რაც არის ძალიან მძიმე, რადგან ამ ორ ტყუილზე ააგო რეალურად რადიკალურმა ოპოზიციამ თავისი რევოლუციური სცენარი. ეს არის უმძიმესი ფაქტი და ჩვენი მხრიდან ამას სჭირდება რეაქცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ არ გადაამოწმა მონაცემები, ეჭვები ჩნდება კომპეტენციისა და მანიპულაციის მიმართულებით.

„ჩვენ გავაკეთეთ დასკვნა არითმეტიკული ანგარიშის საფუძველზე. შეეძლო, ზუსტად იგივე გაეკეთებინა ISFED-ის ნებისმიერ ხელმძღვანელ პირს და რომ ჩაღრმავებოდნენ ელემენტარულად ამ არითმეტიკას, ისინიც ზუსტად ისე დაადგენდნენ. ჩვენ 2 ნოემბერს დავადგინეთ ეს ხარვეზი და 3 ნოემბერს უკვე მამუკა მდინარაძემ გააკეთა საჯარო განცხადება ამასთან დაკავშირებით. ამაზეც უამრავი სპეკულაცია და ტყუილი იყო. როცა აბრალებთ პროგრამისტს თუ „აიტიშნიკის“ ამ შეცდომის დაშვებას, ეს არასწორია იმიტომ, რომ თუ ხარ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, შენი ვალია, ელემენტარული არითმეტიკული გადაანგარიშებით გადაამოწმო, რამდენად იყო შეცდომა გაპარული. როცა ამას არ აკეთებ, იქ ჩნდება ეჭვები ორი სხვადასხვა მიმართულებით, ან კომპეტენციის პრობლემაა, ან მანიპულაციის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი