ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერ შერჩეული არ არის
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერ შერჩეული არ არის

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერჯერობით შერჩეული არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„რაც შეეხება კანდიდატის დასახელებას, ვვარაუდობ, რომ ჩვენი კანდიდატი ზაფხულის ბოლოსკენ დასახელდება. მანამდე, ბუნებრივია, ჩვენ სიჩქარე არ გვმართებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობის საკითხი თავად მარგველაშვილის გადასაწყვეტია.

„ვერ გეტყვით. ეს მისი გადასაწყვეტია. რაც შეეხება შანსებს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მიერ დასახელებული კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე აუცილებლად გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.