ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისვლის საკითხი არ განიხილება
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისვლის საკითხი არ განიხილება

ჩვენ იქ არც დაპატიჟებული ვართ და არც განიხილება ეს საკითხი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ორბელიანების სასახლეში ილია თოფურიას დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრებას შეეხებოდა.

„ჩვენ იქ არც დაპატიჟებული ვართ და არც განიხილება ეს საკითხი. ჩვენ გვქონდა ამ დღეების განმავლობაში ურთიერთობა ილია თოფურიასთან, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. დანარჩენი, ეს ჩვენი საკითხი არ არის“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს. ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა, კანონით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილი მიესალმება და ეთანხმება პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას ილია თოფურიას ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ.

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით 18 მარტს ჩამოვიდა.