ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მთავრობას შეუძლია, წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მთავრობას შეუძლია, წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობას შეუძლია, წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.

მისივე თქმით, ლოკდაუნი გამორიცხულია. რაც შეეხება ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვას, კობახიძე ამბობს, რომ როდესაც საუბარია წერტილოვან შეზღუდვებზე, მსგავსი შეზღუდვა დასაშვებია.

„დღეს სამწუხაროდ, არ ვესწრებოდი საბჭოს სხდომას, საარჩევნო საკითხებით ვიყავი დაკავებული. როგორც ვიცი, ამგვარი წინასწარი განცხადება გაკეთდა. თუ წერტილოვან შეზღუდვებზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, ეს არის დასაშვები. ჩვენ ვთქვით არაერთხელ, რომ რაც ​შეეხება ლოკდაუნს, ეს არის გამორიცხული, რადგან ქართული ეკონომიკისთვის ეს არის შეუძლებელი. ეკონომიკა ბუნებრივია, უნდა აგრძელებდეს აქტიურად მუშაობას. რაც შეეხება წერტილოვან შეზღუდვებს, როგორიც არის გარკვეულ საათებში გადაადგილების შეზღუდვა, ეს, რა თქმა უნდა, სრულიად მისაღებია და შეიძლება ასეთი ზომები მიიღოს მთავრობამ, თუ მისი გადაწყვეტილება იქნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.