ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისია საქართველოში დაახლოებით მარტისთვის ჩამოვა
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისია საქართველოში დაახლოებით მარტისთვის ჩამოვა

საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტართა მისია, რომელიც გიგი უგულავას დაპატიმრების საქმეს შეისწავლის, საქართველოში დაახლოებით მარტისთვის ჩამოვა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მისია აუცილებლად დაადგენს, რომ უგულავამ მოიპარა 48 მილიონი, გადასახადის გადამხდელების, თბილისი მოქალაქეებისა და საქართველოს მოსახლეობის ფული.

„დადგინდება, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების თანახმად, არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ იყო სახეზე. გაირკვევა, რომ ეს არის ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკა. ყველაფერს მოეფინება ნათელი“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ევროპარლამენტში კონსულტაციები გაიმართა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელთან, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ეს მისია აუცილებლად ჩამოვა საქართველოში. კობახიძის განმარტებით, მისია იქნება მრავალპარტიული, მისიის ხელმძღვანელები არ იქნებიან ერთი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები და ისინი დაადგენენ ფაქტებს.

დატოვე კომენტარი