ირაკლი კობახიძე - 8 მარტის შეთანხმება შევასრულეთ ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე, მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ არ მონაწილეობდნენ კენჭისყრაში
ირაკლი კობახიძე - 8 მარტის შეთანხმება შევასრულეთ ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე, მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ არ მონაწილეობდნენ კენჭისყრაში

8 მარტის შეთანხმება შევასრულეთ ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე, მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ის, რომ არ მონაწილეობდნენ ამ კენჭისყრაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ პოლიტიკურ ძალას დაუოკებელი სურვილი აქვს, რომ საკუთარ ლიდერად გიორგი რურუა წარმოაჩინოს.

„მათ სურვილს მოვესალმებით და შეუძლიათ, ასე გააგრძელონ. 8 მარტის შეთანხმება შევასრულეთ ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე. მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ არ მონაწილეობდნენ ამ კენჭისყრაში. არაერთი ფაქტი ვიცი იმის თაობაზე, თუ როგორ ცდილობენ ისინი დეპუტატების გაწევას კენჭისყრიდან. ამ მცდელობების მიუხედავად, მოვახერხეთ და დამოუკიდებელ დეპუტატებთან და ორ ფრაქციასთან ერთად აღვასრულეთ პირნათლად 8 მარტის შეთანხმება. ისინი ვერ გაექცევიან პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმისთვის, რომ არ მიიღეს მონაწილეობა 8 მარტის შეთანხმების აღსრულებაში. მათი მიზანი ცალსახად იყო საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება. ისინი ხედავენ, რომ არჩევნებში შანსი აღარ აქვთ, მათი რეიტინგი მათთვისაც ცნობილია. შესაბამისად, ერთადერთი გზა მათთვის არის რადიკალიზაცია და რაღაც ხელმოსაჭიდს აძლევდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა, თუმცა ხედავთ, რომ ვერ მოახერხეს გეგმის განხორციელება, შესაბამისად, საბაბიც კი არ დარჩა, რათა რაიმე ფორმით სცადონ რადიკალური სცენარის განხორციელება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი