ირაკლი კობახიძე - 50 ე.წ. აკაცუკი იყო შეკრებილი და 51-ე აკაცუკად მივიდა იმ შეკრებაზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, წარმოუდგენელია, ეს მეტყველებს ევროპული ბიუროკრატიის წიაღში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე
ირაკლი კობახიძე - 50 ე.წ. აკაცუკი იყო შეკრებილი და 51-ე აკაცუკად მივიდა იმ შეკრებაზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, წარმოუდგენელია, ეს მეტყველებს ევროპული ბიუროკრატიის წიაღში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე

რუსთაველის გამზირზე 50 ე.წ. აკაცუკი იყო შეკრებილი და 51-ე აკაცუკად მივიდა იმ შეკრებაზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რაც წარმოუდგენელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ეს მეტყველებს ევროპული ბიუროკრატიის წიაღში არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე.

„ჩვენ არასდროს ვეძებთ კონფრონტაციას. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, მაგრამ მცირე ქვეყანა, შესაბამისად, ბევრ რამეს ვუწევთ ანგარიშს. ჩვენს ინტერესებში არ შედის ჩვენი მხრიდან კონფრონტაციის გაღვივება თუ გაღრმავება ევროკავშირთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მაგრამ ხდება ხოლმე იგივე, რაც მოხდა გუშინ და დღეს“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, კანონსაწინააღმდეგო შეკრებაში მონაწილეობით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავადვე შექმნა იმ შეხვედრის გაუქმების საფუძველი, რომელიც დღეისთვის იყო დაგეგმილი. 

„რეალურად, თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ ჩვეულებრივად გვქონდა ჩანიშნული შეხვედრა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც იმავდროულად ეუთო-ს თავმჯდომარის პოზიციასაც ითავსებდა. შეხვედრა დაგეგმილი იყო და ველოდებოდით მას. გვექნებოდა საუბარი ყველა თემაზე, კითხვები თუ ექნებოდა, გაეცემოდა ამ კითხვებს პასუხი, თუმცა გუშინ საღამოს ყველაფერი შეიცვალა. რეალურად, ეს ქალბატონი მივიდა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე. ქუჩა იყო გადაკეტილი. ძალადობაზე არ არის საუბარი. ძალადობა არის შეკრების კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მხოლოდ ერთი საფუძველი, მეორე საფუძველი კანონში გაწერილია – როდის შეუძლიათ შეკრების მონაწილეებს გზის გადაკეტვა: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრების მონაწილეთა რაოდენობა იძლევა ამის საშუალებას. გუშინ ნახეთ, რომ 50 ადამიანი იყო შეკრებილი. კანონის წინააღმდეგ გადაკეტეს მათ ქუჩა და ამ კანონსაწინააღმდეგო შეკრებას შეუერთდა 51-ე ადამიანად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მან იცოდა, რომ შეკრება იყო კანონსაწინააღმდეგო და ამის მიუხედავად, მაინც გადაწყვიტა კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე მისვლა“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა ტყუილი, თითქოს აქცია ახალი დაწყებული იყო.

„ამას დაამატა დილით მეორე ტყუილი. ტყუილი თქვა იმასთან დაკავშირებით, თითქოს აქცია ახალი დაწყებული იყო და ხალხი უერთდებოდა. ყველამ ძალიან კარგად იცის და მანაც ძალიან კარგად იცოდა, რომ პირიქით, პიკზე იყო აქცია და არაფერი შემატებია ამ აქციას მას შემდეგ. ეს არის მართლაც შემაშფოთებელი. ფინეთი არ არის ყველაზე დიდი ქვეყანა ევროკავშირში, მაგრამ არის ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყანა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი კადრულობს ასეთ ტყუილს, ცრუპენტელობას – უფრო ზუსტი შესატყვისი რომ გამოვიყენოთ. ეს არის კატასტროფა. რეალურად, გაუქმებაში თუ იმას გულისხმობს, რომ კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე გავიდა, კი, საფუძველი მან ამით შექმნა, მაგრამ ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენლებს გადატვირთულ გრაფიკთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

„მათ არ ჰქონიათ არავითარი კომუნიკაცია. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე, რამაც ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში და სცადა ამ უხერხულობიდან გამოსვლა იმავე მეთოდით, რა მეთოდითაც სცადა იმ უხერხულობიდან გამოსვლა, რაც 51-ე კაცად შეკრებაში მონაწილეობას უკავშირდებოდა. 50 ე.წ. აკაცუკი იყო შეკრებილი იმ აქციაზე და 51-ე აკაცუკად მივიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ შეკრებაზე, რაც წარმოუდგენელია. ეს მეტყველებს ევროპული ბიუროკრატიის წიაღში არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.