ირაკლი კობახიძე - 40%-ის შემთხვევაში პარტია ვერ მიიღებს მანდატების 50%-ზე მეტს, რაც არის 75 მანდატი
ირაკლი კობახიძე - 40%-ის შემთხვევაში პარტია ვერ მიიღებს მანდატების 50%-ზე მეტს, რაც არის 75 მანდატი

40%-ის შემთხვევაში პარტია ვერ მიიღებს მანდატების 50%-ზე მეტს, რაც არის 75 მანდატი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„თუ პოლიტიკური პარტია 40%-ს იღებს, ამ შემთხვევაში ამ პროცენტს შეიძლება, დაემატოს მისი მეოთხედი, 10% და ჯამში, ეს არის 50%. ანუ, 40%-ის შემთხვევაში პარტია ვერ მიიღებს მანდატების 50%-ზე მეტს, რაც არის 75 მანდატი. ეს პრინციპი პროგრესირებს ან რეგრესირებს იმის მიხედვით, თუ რამდენი პროცენტი აიღო პოლიტიკურმა პარტიამ. მაგალითად, 44%-ის შემთხვევაში მისი შედეგი შეიძლება, მაქსიმუმ 11%-ით გაიზარდოს. ანუ, დაწესებულია ერთგვარი პროგრესირებადი, ან რეგრესირებადი ზღვარი, რომელიც გამორიცხავს იმას, რომ 40%-ით პარტიამ 75 მანდატზე მეტი მიიღოს. მინიმალური მაჩვენებელი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ პარტიამ მთავრობა ერთპარტიულად ჩამოაყალიბოს, არის დაახლოებით, 40,5% “, – განაცხადა კობახიძემ.

ამ განცხადებით ირაკლი კობახიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა შემთხვევაში და როგორ მოქმედებს ე.წ 40%-იანი ჩამკეტი. 

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში ერთ პროცენტსა და ბუნებრივ ბარიერს შორის არსებითი განსხვავება არ არის.

„თუმცა, შეიძლება, ეს სხვაობა ზოგიერთი პარტიისთვის ფატალური აღმოჩნდეს. ბუნებრივი ბარიერი იქნებოდა 0,85%. ამ შემთხვევაში, ჩვენ გადავწყვიტეთ კანონპროექტში 1%-იანი ბარიერის ასახვა, რაც ვფიქრობ, პრაგმატული გადაწყვეტილებაა. ზოგადად, მნიშვნელოვანია, ჩვენი პოლიტიკური სისტემა თუნდაც, მცირე პარტიებისთვის მაქსიმალურად გაიხსნას და ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება ძალიან მაღალი ხარისხით პლურალიზმი საქართველოს პარლამენტში, რაც იმთავითვე იყო ჩვენი პირველადი ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. სწორედ ამისთვის იყო შემოთავაზებული ბუნებრივი ბარიერი და ამ შემთხვევაში, 1%-იანი ბარიერი იმავე მიზნის შესრულებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და ახალი გარდამავალი სისტემით ქვეყანას ეძლევა შანსი, ორპოლუსიანი არასწორი სისტემა უფრო მრავალფეროვანი, ევროპული ტიპის სისტემით ჩანაცვლდეს.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რატომ დარჩა ახალ ინიციატივაში ღიად ბლოკების საკითხი და რამ გამოიწვია ხელისუფლების პოზიციის შეცვლა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ბლოკის ინსტიტუტი არ მოსწონს, რადგან როგორც წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ აჩვენა, საქართველოში ბლოკის ინსტიტუტი პარტიული სისტემის განვითარებას აფერხებს. თუმცა, მისივე თქმით, იქედან გამომდინარე, რომ საუბარია გარდამავალ რეგულაციაზე, ბლოკის ინსტიტუტის ერთჯერადად დატოვებას ხელისუფლება თავის დროზეც დათანხმდა და თუ ძალიან მყარი არგუმენტები იქნება წარმოდგენილი, შეიძლება, ეს ნაბიჯი გადადგას.

„დღეს რა ნორმაც არის ასახული 2020 წლისთვის, იქ წერია 3% და ბლოკები. აქაც ერთჯერადად შეგვიძლია, განვიხილოთ ამის დატოვება, რაც კარგი არ იქნებოდა, თუმცა, თუ საბოლოო ჯამში ამის აუცილებლობაში დავრწმუნდებით, მაშინ შეიძლება, ეს ნაბიჯი გადაიდგას. თუმცა, ამისთვის ძალიან მყარი არგუმენტები დაგვჭირდება. აქედან გამომდინარე, საკითხი არის ღია. ოპოზიციასთან ერთად დამატებით ვიმსჯელებთ და საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღება. იმედი მაქვს, ბლოკის ინსტიტუტი არ აისახება კონსტიტუციურ დებულებაში. თუნდაც – გარდამავალ ეტაპზე “, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე, როდის იხილავს საზოგადოება უკვე მთავარ კანონად ქცეულ კონკრეტულ ინიციატივას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი მაისის ბოლოსთვის უკვე საბოლოო სახით იქნება მიღებული.

„კანონპროექტის ინიცირება ხვალ მოხდება. შემდეგ არის ერთთვიანი ვადა საყოველთაო სახალხო განხილვისთვის. მანამდე, უკვე შემდეგ კვირაში შეიქმნება საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია და ყველაზე ადრე, 28 აპრილს შეიძლება, კანონპროექტს პირველი მოსმენით ეყაროს კენჭი. ამის შემდეგ, ორ კვირაში იქნება მეორე მოსმენა და რეგლამენტის თანახმად ყველაზე ადრე, 27 მაისს არის შესაძლებელი კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება. შესაბამისად, ჩვენ სწორედ ამ ვადებში ვგეგმავთ კანონპროექტის მიღებას და მაისის ბოლოსთვის ეს კანონპროექტი უკვე საბოლოო სახით იქნება მიღებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.