ირაკლი კობახიძე - 30 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილი საერთოდ აღარ უნდა იყოს აქტუალური თემა ქართულ პოლიტიკაში, ის არის პატიმარი და მას მოუწევს სულ მცირე ექვსი წელი სასჯელის მოხდა
ირაკლი კობახიძე - 30 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილი საერთოდ აღარ უნდა იყოს აქტუალური თემა ქართულ პოლიტიკაში, ის არის პატიმარი და მას მოუწევს სულ მცირე ექვსი წელი სასჯელის მოხდა

პატიმარი როდესაც შიმშილობს, ამაზე არის პასუხისმგებელი კონკრეტული პატიმარი, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების დაცვაზე და ამ პრინციპით იმოქმედებს ყველა სახელმწიფო უწყება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 30 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილი საერთოდ აღარ უნდა იყოს აქტუალური თემა ქართულ პოლიტიკაში, ის არის პატიმარი და ყველა შეეგუება ამას, მას მოუწევს სულ მცირე ექვსი წელი სასჯელის მოხდა.

„როდესაც პატიმარი შიმშილობს, ამაზე არის პასუხისმგებელი კონკრეტული პატიმარი. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების დაცვაზე და ამ პრინციპით იმოქმედებს ყველა სახელმწიფო უწყება. ციხე არ არის ის ადგილი, საიდანაც შოუები შეიძლება მოაწყო. არ შეიძლება, რაღაც ექვსწლიანი შოუ დაიდგას ერთი კონკრეტული პირის მიერ, რომელიც არის ბრალდებული უმძიმეს დანაშაულებში. სალომე ზურაბიშვილმა თავად გააკეთა განცხადება, რომ არ აპირებს შეწყალებას. მე მოვისმინე პრეზიდენტის ძალიან მყარი განცხადება, რომ არავითარ შემთხვევაში არ გეგმავს სააკაშვილის შეწყალებას“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რატომ მოხდა აეროპორტში უკრაინელი ადვოკატების დაყოვნება, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა: „რამდენიმე წუთი რატომ აყოვნებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეს აეროპორტში, მე არ ვიცი, ეს არის შესაბამისი სტრუქტურების საქმე, საზღვრის დამცველს აქვს უფლება, შეაყოვნოს, თუ ეს არის აუცილებელი. ერთადერთი უხერხულობა არსებობდა ქართულ-უკრაინულ მეგობრულ ურთიერთობებში, ეს იყო სააკაშვილის ფაქტორი და ეს ფაქტორი მოიხსნა, ამით არის ბედნიერი როგორც საქართველო, ასევე უკრაინა“.