ირაკლი კობახიძე - 2029 წელი არის მაქსიმალური ვადა, როდესაც ჩვენ შევძლებთ ანაკლიის პორტში 600 ათასი კონტეინერის მიღებას წელიწადში, პირველი ფაზის ფარგლებში დასაქმდება უამრავი ადამიანი
ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და კონკრეტულად სამეგრელოს რეგიონისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ პროექტის პირველი ფაზა, გეგმის თანახმად, 2029 წლისთვის დასრულდება.
„იმედი გვაქვს, 2028 წლისთვისაც დასრულდება ეს პროექტი, თუმცა 2029 წელი არის მაქსიმალური ვადა პროექტის დასრულებისთვის და ამ დროისთვის ჩვენ უკვე შევძლებთ 600 ათასი კონტეინერის მიღებას წელიწადში, და მხოლოდ პირველი ფაზის ფარგლებში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ბელგიური კომპანია უკვე აწარმოებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და ეს სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შეფასებით, ეს პროექტი ხელს შეუწყობს უამრავი ადამიანის დასაქმებას, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას და ის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ასევე მალე დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი.