ირაკლი კობახიძე - 2025 წელი მნიშვნელოვანი იყო, მოვახერხეთ მართვის სისტემის გაუმჯობესება, შეიცვალა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობა, ეკონომიკური გუნდის შემადგენლობა, ამან სერიოზული შედეგები მოგვცა
ირაკლი კობახიძე - 2025 წელი მნიშვნელოვანი იყო, მოვახერხეთ მართვის სისტემის გაუმჯობესება, შეიცვალა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობა, ეკონომიკური გუნდის შემადგენლობა, ამან სერიოზული შედეგები მოგვცა

2025 წელი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მთლიანად მოვახერხეთ ჩვენი მართვის სისტემის გაუმჯობესება – მთლიანად შეიცვალა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობა, ასევე თითქმის მთლიანად შეიცვალა ეკონომიკური გუნდის შემადგენლობა და ამ ცვლილებებმა სერიოზული შედეგები მოგვცა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2025 წლის მთავარი მიღწევა იყო მშვიდობის, სუვერენიტეტის შენარჩუნება და ამით ხელისუფლებამ უზრუნველყო იმ პროცესის გაგრძელება, რაც დაკავშირებულია ეკონომიკის განვითარებასთან.

„მშვიდობის გარეშე არცერთი ეს შედეგი არ იქნებოდა. ასევე, 2025 წელი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მთლიანად მოვახერხეთ ჩვენი მართვის სისტემის გაუმჯობესება. მთავრობაში გვქონდა არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, ეს განსაკუთრებით შეეხო ჩვენს ეკონომიკურ და სამართალდამცავ გუნდს. სამართალდამცავი მიმართულებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს. რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ორგანიზებულ, ნარკოტიკულ, კორუფციულ დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით. ასევე, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით გვაქვს უპრეცედენტო შედეგები. რა თქმა უნდა, ეს არის სამართალდამცავი ბლოკის დამსახურება და იმ ახალი სახეების დამსახურება, რომელიც ჩვენს გუნდში არიან – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური პროკურორი. მთლიანად შეიცვალა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობა და ამან მოგვიტანა კონკრეტული შედეგები. ასევე, თითქმის მთლიანად შეიცვალა ეკონომიკური გუნდის შემადგენლობა და ამანაც სერიოზული შედეგები მოგვცა. ის ეკონომიკური მონაცემები რაც გვაქვს, ამ ყველაფრის შედეგიც არის. კორუფციასთან ბრძოლა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ის ყველაფერი, რაც ამ მიმართულებით გაკეთდა, მოგვცემს საშუალებას, ბევრად უფრო მეტი წარმატებით ვიზრუნოთ ეკონომიკის განვითარებაზე და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. შესაბამისად, 2025 წელი იყო ძალიან პრინციპული, სისტემის გადაწყობის თვალსაზრისით და ამ ყველაფრის შედეგებს, საზოგადოება ხელშესახებად იგრძნობს მომავალ და მომდევნო წლების განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერმა.