ირაკლი კობახიძე - 2024 წლის 26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, 2025 წელი უნდა იყოს ლიბერალური ფაშიზმისგან სრულად გათავისუფლების წელიწადი
2024 წელი იქნება ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელიწადი, 26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ხოლო 2025 წელი უნდა იყოს ლიბერალური ფაშიზმისგან ქართული საზოგადოების, სახელმწიფოს, ქართული პოლიტიკის სრულად გათავისუფლების წელიწადი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის მხრიდან ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის შეურაცხყოფის ფაქტს და აღნიშნა, რომ ყველამ უნდა მოთოკოს ემოციები, შეეგუოს გამჭვირვალობას.
„მინდა, გამოვეხმაურო მორიგ ლიბერალურ-ფაშისტურ გამოხტომას, რომელიც განხორციელდა მიხეილ სარჯველაძის მიმართ. ამ გამოხტომის ავტორი იყო ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, კერძოდ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, „ნაბიჯის“ ლიდერი, ვინმე ჩხობაძე. ეს ორგანიზაცია, ჩვენი ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში ფინანსდება, ერთი მხრივ, კეზერაშვილ-ჩიქოვანის მხრიდან და, მეორე მხრივ, კონკრეტული უცხოელი დონორებისგან. ეს ადამიანი აპროტესტებდა იმ კანონის მიღებას, რომლის საფუძველზეც მას მოუწევს საკუთარი შავი ფულის გასაჯაროება. მესმის, არავის მოსწონს გამჭვირვალობა და არ არის კომფორტული ასეთი ადამიანებისთვის, თუმცა მოვუწოდებ ყველას, მოთოკონ ემოციები, შეეგუონ გამჭვირვალობას, რომელიც 1945 წლის შემდეგ არის ერთ-ერთი საკვანძო ევროპული პრინციპი. სამწუხაროა, რომ ეს ლიბერალური ფაშიზმი ფინანსდება უცხოეთიდან, დონორი ორგანიზაციების მიერ, რაც დანაშაულია ქართული საზოგადოების წინაშე. მინდა, ბატონ მიხეილ სარჯველაძეს გადავუხადო მადლობა. 2024 წელი იქნება ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელიწადი, 26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში. 2025 წელი უნდა იყოს ლიბერალური ფაშიზმისგან ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს, ქართული პოლიტიკის სრულად გათავისუფლების წელიწადი. ამისთვის ყველანაირი რესურსი არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი საზოგადოება და სახელმწიფო თავისუფალი იქნება ლიბერალური ფაშიზმისგან, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა პრემიერმა.