ირაკლი კობახიძე - 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული ფინანსური დოკუმენტია, რომლის პრიორიტეტი არის ეკონომიკის ზრდა  
ირაკლი კობახიძე - 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული ფინანსური დოკუმენტია, რომლის პრიორიტეტი არის ეკონომიკის ზრდა  

სიღარიბე ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა 2018 წლის ანგარიშსა და 2019 წლის გეგმებზე საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს კანონშემოქმედებით საქმიანობაზე ისაუბრა და იმ საკანონმდებლო ბაზაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიზანი აღნიშნული გამოწვევის დაძლევაა.

„სამწუხაროდ, სიღარიბე კვლავ რჩება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად. პარლამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის გადასაჭრელად, ქმნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების მოზიდვისკენ მიმართულ საკანონმდებლო ბაზას. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა საგადასახადო კოდექსში, რომლის მიზანი იყო მცირე ბიზნესის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება; ორგანიზაციებისთვის მოგების გადასახადით დაბეგვრის მექანიზმების ცვლილება; ცალკეულ დასაბეგრ ოპერაციებზე საგადასახადო შეღავათების დაწესება; ზოგიერთი კატეგორიის გადამხდელთათვის დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა; საგადასახადო სანქციების შემსუბუქება და სხვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მისი თქმით, მთავრობის ინიციატივის საფუძველზე, პარლამენტმა  საკანონმდებლო საფუძველზე სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ბავშვებისთვის სპეციალური სოციალური დახმარების გამოყოფის მექანიზმი შექმნა.

პარლამენტის თავმჯდომარე ჭარბვალიანობის პრობლემასაც შეეხო. მისი თქმით, ამის დასაძლევად, მთავრობის ინიციატივის საფუძველზე განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც  მოსახლეობის ფართო ფენებზე იმოქმედებს.

„მსესხებელს შესაძლებლობა ექნება, აიღოს იმ რაოდენობის სესხი, რის მომსახურებასაც შეძლებს. ის გარემოება, რომ მსესხებელი თავისი შემოსავლებით და ლიკვიდური აქტივებით მოემსახურება სესხს, უზრუნველყოფს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შექმნას. ამ ყველაფრის ფონზე, ნიშანდობლივია, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი კვლავ რჩება სოციალურად ორიენტირებულ მთავარ ფინანსურ დოკუმენტად, რომლის პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკის ზრდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან სახელმწიფო ფინანსების მართვის მხრივ პარლამენტის როლზეც გაამახვილა ყურადღება.

„მინდა, გამოვყო პარლამენტის, როგორც სახელმწიფო ფინანსების მართვის სისტემის ერთ-ერთი კომპონენტის როლი. უპირველეს ყოვლისა, ამ მიმართულებით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ხარჯების ფინანსური ანგარიშვალდებულების ეფექტიანობის შესრულების ანგარიშში, რომელიც აფასებს საკანონმდებლო ორგანოს მიერ ბიუჯეტის განხილვის მასშტაბსა და მახასიათებლებს, საქართველოს პარლამენტმა წინა, 2013 წლის შეფასების მსგავსად, უმაღლესი შეფასება – A დაიმსახურა. ამასთან, წინა შეფასებისგან გაუმჯობესებული შეფასება გამოვლინდა აუდიტის ანგარიშების საკანონმდებლო შემოწმების კომპონენტში“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე, მისი თქმით, საქართველოს პარლამენტმა გასული წელი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მიმართულებით არსებული საჭიროებების ანალიზსაც დაუთმო. განხორციელდა მასშტაბური ინიციატივა, რომლის ფარგლებში ქვეყნის რეგიონებსა და თვითმმართველობებში მოსახლეობასთან და დაინტერესებულ სუბიექტებთან „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვა ჩატარდა.

„აღნიშნული ინიციატივა ემსახურებოდა პროექტში საზოგადოების ფართო ფენების მოსაზრებების ასახვას. ჩვენ დაწყებულ საქმეს უახლოეს მომავალში ბოლომდე მივიყვანთ და მივიღებთ ამ სფეროს მარეგულირებელ დახვეწილ კანონს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს მეცხრე მოწვევის პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაიწყო.  ახალი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სხდომაზე პარლამენტის 2018 წლის ანგარიში წარადგინა და 2019 წლის გეგმებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ასევე მთავრობის წევრები დაესწრნენ.