ირაკლი კობახიძე - 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია, ჩვენი გადაწყვეტილება ანულირების გამოცხადებაზე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება რომ იყო, არჩევნების შედეგებითაც დადასტურდა
ირაკლი კობახიძე - 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია, ჩვენი გადაწყვეტილება ანულირების გამოცხადებაზე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება რომ იყო, არჩევნების შედეგებითაც დადასტურდა

19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია და მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ანულირების გამოცხადების თაობაზე, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება რომ იყო, ამ არჩევნების შედეგებითაც დადასტურდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმება თავის დროზე ექვსთვიანი საბოტაჟის შედეგი იყო.

„ოპოზიცია საბოტაჟს აწარმოებდა ქვეყნისა და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ. ამის საფუძველზე ჩვენ ქვეყანას გავუწიეთ ანგარიში და ხელი მოვაწერეთ 19 აპრილის შეთანხმებას. თუმცა ამ შეთანხმებას, რომ არ ჰქონდა არავითარი პოლიტიკური საფუძველი, დღეს ძალიან კარგად დაინახა ყველამ. ჩვენ გავიმეორეთ ზუსტად ის შედეგი, რაც გვქონდა წინა საპარლამენტო არჩევნებზე. რაც შეეხება რეფორმებს, დავუშვათ სასამართლო სფეროში, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ რეფორმების გასაგრძელებლად. თავის დროზე ვთქვით, რომ შეთანხმების ხელმოწერის გარეშეც მზად ვიყავით ასეთ რეფორმებზე გვემსჯელა. მზად ვართ, ნებისმიერი რაციონალური წინადადება განვიხილოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამოეხმაურა. როგორც შარლ მიშელი „ტვიტერზე“ წერს, ახლა გადამწყვეტია, ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაშია მოცემული.