ირაკლი კობახიძე - 100 წლის წინ პარლამენტმა მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დაუტოვა საქართველოს
ირაკლი კობახიძე - 100 წლის წინ პარლამენტმა მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დაუტოვა საქართველოს

დღეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილე აღინიშნება და სწორედ ამ სხდომაზე ჩაეყარა საფუძველი ქართულ პარლამენტარიზმს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში განაცხადა, სადაც საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

ირაკლი კობახიძის თქმით, 100 წლის წინ პარლამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დაუტოვა საქართველოს.

„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა. 100 წლის წინ ამ დღეს შედგა ჩვენი პირველი პარლამენტის, დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა და ამით საფუძველი ჩაეყარა ქართულ პარლამენტარიზმს. პარლამენტარიზმის ტრადიცია მაშინ შეიქმნა და იმ პარლამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დაუტოვა საქართველოს უკვე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. 90-იან წლებში სწორედ ამ მემკვიდრეობას დაეფუძნა ჩვენი პარლამენტარიზმი. იმ დამფუძნებელი კრების, პარლამენტის წევრები იყვნენ უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის ნიკო ნიკოლაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვები. ეს ძალიან ძვირფასი მემკვიდრეობაა ყველა ჩვენგანისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პანაშვიდს, რომელიც პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიო მუჯირმა აღავლინა, დაესწრნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და პარლამენტის წევრები, ასევე, დამფუძნებელი კრების წევრთა შთამომავლები.

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, დღეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.