ირაკლი კირცხალია - საინტერესოა, მაიკლ ო'ფლაერტმა დასკვნა რაზე დაყრდნობით გააკეთა? ბრიუსელს ვურჩევდი, ცოტა ობიექტური დავალების გაცემა მოხდეს, როცა აქ ვინმე რაიმეს შეფასებლად ჩამოდის
საინტერესოა, მაიკლ ო’ფლაერტმა დასკვნა რაზე დაყრდნობით გააკეთა? როდესაც რაიმეს აღმოფხვრაზე ვსაუბრობთ, ბრიუსელს ვურჩევდი, ცოტა ობიექტურად შეფასდეს და ობიექტური დავალების გაცემა მოხდეს, როცა აქ ვინმე რაიმეს შეფასებლად ჩამოდის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
რაც შეეხება კანონებს, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ნებისმიერი კანონი, რომელიც პარლამენტში მიიღება, ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება.
„კანონპროექტის განხილვისას მზად ვიყავით ნებისმიერი დისკუსიისთვის და ღიად ვამბობდით, რომ ღია თუ დახურულ დისკუსიაში შევიდოდით. ისინი დისკუსიაში ობიექტურად ვერ შემოდიან, რადგან ობიექტურები არ არიან. მასკარადს და იმ გაცვეთილ პიარშოუს ვხედავთ, რასაც ბრენდავდნენ – „რუსული კანონი“, „რეჟიმის კანონი“ და ა.შ. მეგობრებო, ეს სცენარი და მესიჯბოქსები გაცვდა. ასეთივე გაცვეთილია ევროკომისარის ეს შეფასებაც. როდესაც ქვეყანა თავის ღირებულებებს და უსაფრთხოებას იცავს, შენ მიდიხარ და ამბობ, რომ თურმე კანონები შენთვის მიუღებელია. მათ ქვეყნებში ანალოგიური და უფრო მძიმე სანქციებით დახუნძლულ კანონებს ვხედავთ. ეს არის სწორედ უსტანდარტობა, უსამართლო, უტიფარი და შეურაცხმყოფელი მიდგომა ჩვენი ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაერტიმ გამოაქვეყნა მემორანდუმი, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პროგრესს მიაღწიოს დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაში და გააუქმოს კანონები, რომლებიც, მისი შეფასებით, მათ შორის, შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.