ირაკლი კირცხალია - როგორც საზოგადოება, ისე ჩვენი გუნდიც არ ექცევა შანტაჟის ქვეშ, ვიზალიბერალიზაციის სახით დარჩათ შანტაჟის ბოლო ტყვია, რაც შეუძლიათ, გაისროლონ, თუმცა ამის საფუძველი არ არსებობს
თითოეული ჩვენი მიღწევა, უნდათ, აქციონ შანტაჟის იარაღად. დარჩათ შანტაჟის ბოლო ტყვია, რომელიც შეუძლიათ, გაისროლონ საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა ამის არც მორალური, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კირცხალიას თქმით, საქართველოს მოსახლეობა არ ექვემდებარება შანტაჟს.
„იმ ადამიანებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიერ წინ გადადგმული ნაბიჯების დღიდან დარბოდნენ ბრიუსელში თავიანთ პატრონებთან, როგორმე ჩვენს ქვეყანას არ მიეღწია რაიმე წარმატებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის არ ყოფილიყო ბენეფიტები. რატომ? ერთი კონკრეტული მიზნის გამო – ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ამ ქვეყანაში, მათთვის არაფერს ნიშნავს ჩვენი საზოგადოება, სამშობლო, მათთვის მთავარია თავიანთი აგენტურული ინტერესები. დღესაც აგრძელებენ ამას, ამბობენ, ჩვენ არ ვითხოვთ ჩვენი მოსახლეობის სანქცირებას, დასჯას, თუმცა დაუწესეთ სანქციები „ქართული ოცნების“ წევრებსო. ძალიან კარგად იციან, რომ არავის ეშინია ამ სანქციების. როგორც ჩვენი საზოგადოება არ ექცევა შანტაჟის ქვეშ, ისე არ ექცევა ჩვენი გუნდი. ეს არის მათი შანტაჟის ბოლო ტყვია, რომლის გასროლის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა კირცხალიამ.