ირაკლი კირცხალია – როცა გვეუბნებიან, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას „ჩამორჩება“, ჩვენი პასუხი მარტივია, საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას
ევროკავშირის წევრობა გვსურს არა ნებისმიერ ფასად და არა საქართველოს ინტერესების ხარჯზე. ამიტომ, როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას „ჩამორჩება“, ჩვენი პასუხი მარტივია: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
კირცხალია გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
ირაკლი კირცხალიას თქმით, საქართველო პატივს სცემს იმ ევროპას, სადაც პატივს სცემენ საქართველოს, როგორც თანასწორ სახელმწიფოს.
„ევროკომისარი მარტა კოსი აცხადებს, რომ საქართველო უკრაინის და მოლდოვის დონეს ჩამორჩება და ამიტომ გაწევრიანების საგზაო რუკას ვერ მიიღებს.
დღეს თუ ბრიუსელში „წინსვლად“ ითვლება ის, რამდენად უსიტყვოდ ასრულებს ქვეყანა კონკრეტულ პოლიტიკურ მოთხოვნებს, მაშინ ეს უკვე დამსახურებაზე დაფუძნებული ევროპული ინტეგრაცია კი არა, უსიტყვო მორჩილების შეფასებაა.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპული ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების განხორციელება შეუძლია, მაგრამ ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, ეროვნული ინტერესები და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების გადაწყვეტილებების პატივისცემა.
ჩვენ ევროკავშირის წევრობა გვსურს არა ნებისმიერ ფასად და არა საქართველოს ინტერესების ხარჯზე. ამიტომ, როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას „ჩამორჩება“, ჩვენი პასუხი მარტივია: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას.
ჩვენ პატივს ვცემთ იმ ევროპას, სადაც საქართველოს პატივს სცემენ, როგორც თანასწორ სახელმწიფოს და არა ქვეყანას, რომელსაც გარედან უთითებენ, რა უნდა დათმოს იმისთვის, რომ „კარგი მოსწავლის“ სტატუსი დაიმსახუროს.
დაბოლოს, ქალბატონი ევროკომისრის „საგზაო რუკით“ ვინც ქვეყანაში არეულობა და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლა დააპირა, ახლა საპატიმროებში სასჯელს იხდიან და საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. საქართველოს „საგზაო რუკა“ ითვალისწინებს ღირსებით სვლას, რომლითაც აუცილებლად ყველა წარმატებას მიაღწევს“, – წერს ირაკლი კირცხალია.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ქართული მედიასაშუალების ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ისურვებდა, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს“.