ირაკლი კირცხალია - მიმდინარეობს აქაური აგენტურის დივერსიფიცირება, ზოგი გირაოს იხდის, ზოგს დავალება აქვს, არ გადაიხადოს, ცდილობენ, ამ საკითხით პოლიტიკური ამინდი შექმნან განულებულ ველზე
ირაკლი კირცხალია - მიმდინარეობს აქაური აგენტურის დივერსიფიცირება, ზოგი გირაოს იხდის, ზოგს დავალება აქვს, არ გადაიხადოს, ცდილობენ, ამ საკითხით პოლიტიკური ამინდი შექმნან განულებულ ველზე

აქაური აგენტურის დივერსიფიცირება მიმდინარეობს. ზოგი გირაოს იხდის, ზოგს დავალება აქვს, არ გადაიხადოს. ზოგს შიდა ბატალიების მოწყობის დავალება აქვს, ზოგი საერთოდ გაჩუმებულია და ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, ნაკლებად საინტერესოა, ვინ გადაიხდის გირაოს და ვინ – არა.

„ისინი ცდილობენ, ამ საკითხით პოლიტიკური ამინდი შექმნან განულებულ ველზე. სურვილის მიუხედავად, რომ პოლიტიკურ ველზე ნაკლები აგენტი იყოს წარმოდგენილი, ისინი არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებენ და დამწკრივდებიან“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეეფარდა. ჯაფარიძეს გირაოს გადახდის ვადა 18 მაისს ამოეწურა. კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.