ირაკლი კირცხალია - მე რომ მეხებოდეს, გერმანიის ელჩს 26 მაისის ღონისძიებაზე მოსაწვევს ნამდვილად არ გავუგზავნიდი
საორგანიზაციო საკითხებში არ ვიყავი ჩართული, არ ვიცი, მოსაწვევი იყო თუ არა გაგზავნილი, თუმცა მე რომ მეხებოდეს, გერმანიის ელჩს მოსაწვევს ნამდვილად არ გავუგზავნიდი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებს კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.
კერძოდ, კირცხალიას კითხვა დაუსვეს: „გერმანიის ელჩი არ ესწრებოდა დღევანდელ ღონისძიებას. მოსაწვევი გაუგზავნეთ და არ მოვიდა, თუ არ დაგიპატიჟებიათ?“
„საორგანიზაციო საკითხებში არ ვარ ჩართული. მე რომ ვყოფილიყავი ჩართული, დამერწმუნეთ, გერმანიის ელჩს მოსაწვევს ნამდვილად არ გავუგზავნიდი. ეს პირადად ჩემი აზრია. ამას გულწრფელად და სრული ობიექტურობით გეუბნებით. ეს ადამიანი გაცდა და ეს ადამიანები გასცდნენ არა მხოლოდ დიპლომატიურ ღირებულებებს, ვენის კონვენციას, არა მხოლოდ ფეხქვეშ გათელეს მასპინძელი ქვეყნის ღირსება და ყველაფერი, რაც ვენის კონვენციით აქვთ დაკისრებული, არამედ, წლებია, პირდაპირ ღია შეურაცხყოფაზე გადადიან. პირადად მე არ დავპატიჟებდი. საორგანიზაციო საკითხებში არ ვიყავი ჩართული, არ ვიცი, მოსაწვევი იყო თუ არა გაგზავნილი. კონკრეტულად მე, ირაკლი კირცხალიას რომ მეხებოდეს, ნამდვილად არ გავუგზავნიდი მოსაწვევს გერმანიის ელჩს და არც ნებისმიერი იმ ქვეყნის ელჩს, რომელიც ღიად ამბობს, რომ საწვავის ფასი თუ არის თავის ქვეყანაში ხუთჯერ გაზრდილი, თავისი მოსახლეობა ვერ ასხამს საწვავს ავტომობილებში, საქართველოც უნდა იტანჯებოდეს მათთან ერთად. თურმე ჩვენი ქვეყანაც უნდა იტანჯებოდეს. როგორ ვაღიარო, რომ ეს ადამიანი წარმოადგენს ღირსეულ ინტერესებს ღირსეული პარტნიორი ქვეყნისა“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.