ირაკლი კირცხალია - „კამიტით“ მოწამლულები ერთი წლის თავზე პირდაპირ ეთერში იხსენებდნენ მოწამვლის ღამეს, წერილით იწვევენ საგამოძიებო კომისიას, მარაზმში გადავიდა ეს ყველაფერი და სასაცილოც აღარ არის
წარმომიდგენია, რა წერია ჯაფარიძის და სალომე ზურაბიშვილის წერილში და რა ორგანიზაციას უნდა მიწერონ, ეს ხომ გაგრძელებაა აბსურდის თეატრის, რომელიც ჩვენ ყველამ ვიხილეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„„კამიტით“ მოწამლულები მიმართავენ პირდაპირ ეთერში და „კამიტით“ მოწამლულები წერილით იწვევენ საგამოძიებო კომისიას, ერთ წინადადებიანი ანეკდოტია ეს ყველაფერი, ხომ? როგორ შეიძლება, ნებისმიერმა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანმა ამას არ მისცეს შეფასება ხუმრობით, რომ ერთი წლის თავზე „კამიტით“ მოწამლულები პირდაპირ ეთერში იხსენებდნენ „კამიტით“ მოწამვლის ღამეს. მარაზმში გადავიდა ეს ყველაფერი და სასაცილოც აღარ არის. გამოძიება დასრულდა რამდენიმე დღეში. იმდენად აბსურდული იყო, რომ პირველი კურსელისთვისაც ნათელია ეს ყველაფერი, ვინც ახლა შეიძლება, იურიდიულზე სწავლობს და ემსახუროს უსაფრთხოებას, იყოს თავის ქვეყანაში პროკურორი, ან იმსახუროს შს სამინისტროში. ამ ყველაფრის შემდეგ უბრალოდ, მივდივართ ისევ მმართველ რგოლებთან, რომელთაც დაავალეს, კონკრეტულად მიეცა უფლება იმ რედაქტორს, თუ ვინც იყო პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე, რომ ასეთი სიუჟეტი გაეკეთებინა. ეს იყო ძალიან უსუსური მცდელობა, იმ ბევრ სხვა უბინძურეს მცდელობებთან ერთად, რომელიც წლებია, უკვე გამოვიარეთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად. ვხედავთ, რომ ეს აგენტურა არის სრულიად განულებული, ე.წ. პოლიტიკოსები. ეს იყო მცდელობა, კიდევ რაღაც დოზით ამათთვის რაღაც დღის წესრიგი შეექმნათ და თუნდაც, შეკრების, ბრიფინგის ჩატარების მიზეზი ჰქონოდათ. იგივე გაიმეორეს შემდეგ მათმა დანაყოფმა პარლამენტში, გახარიებმა და ამაზე მიიღეს პასუხი, რომ ეს უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია“, – განაცხადა კირცხალიამ.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ამ ყველაფერში მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთმა ისტორიულმა ტელემაუწყებელმა „ბიბისიმ“.
„დაისვა სპეკულაციური კითხვები, როდის გახდა „ბიბისი“ ჩვენი და ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის მხრიდან საკრიტიკო. პასუხი მარტივია, მაშინ, როდესაც გახდა ინსტრუმენტი კონკრეტული ჯგუფების მიერ მართული იმ სიბინძურისთვის, რაც მოვისმინეთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ლიზ ტრასის წერილში ეს ყველაფერი ძალიან კარგად არის ასახული, მათ შორის, „ბიბისის“ და მათ შორის, დღევანდელი დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტების ქმედება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. სწორედ მაშინ გახდა ევროკავშირიც და მათი ბიუროკრატიაც საკრიტიკო, როდესაც იმ ხელში აღმოჩნდა ის უდიდესი ისტორია და დიდი ეკონომიკა, რომელიც დღეს, რა დღეშია და რას განიცდის, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ“, – განაცხადა კირცხალიამ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა პროცედურებს გადის ამ დროისთვის სარჩელი და ცნობილია თუ არა სარჩელის შეტანის თარიღი, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ სარჩელი პროცედურებს გადის.
მისივე თქმით, როგორც ითქვა, ეს ამბავი უპასუხოდ ნამდვილად არ დარჩება, რადგან სხვა მრავალ შეურაცხყოფასთან ერთად, ეს იყო კიდევ ერთი შეურაცხყოფა ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს და ხალხის მიმართ.
„შეურაცხყოფაა, როდესაც შენ ამ ქვეყანაში საზოგადოება მიგაჩნია იმ დონის აზროვნების საზოგადოებად, რომ ეუბნები, თითქოს ხალხის რაღაც ნაწილი „კამიტით“ მოიწამლა, მოწამლეს, ეს ხალხი დღეს საღსალამათი ზის ტელევიზიაში, აძლევს ინტერვიუს და იხსენებს, როგორ მოიწამლა „კამიტით“. ამას რომ შენ ქვეყნის წინააღმდეგ გეგმავ, შეურაცხყოფას აყენებ სახელმწიფოებრიობას, ქვეყანას ხომ? თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აყენებ შეურაცხყოფას, რომელიც უბრალოდ, მარტივად აზროვნებს და უბრალოდ, ფაქტების კონსტანტირება შეუძლია ყოველდღიურ რეჟიმში“, – განაცხადა კირცხალიამ.