ირაკლი კირცხალია - გუშინდელ აქციას თვეების განმავლობაში ამზადებდნენ, პროცესში დიპლომატიური კორპუსიც იყო ჩართული და 3000-მდე ადამიანი მივიდა, მათ თვლას აზრიც აღარ აქვს
გუშინდელ აქციას თვეების განმავლობაში ამზადებდნენ, პროცესში დიპლომატიური კორპუსიც იყო ჩართული და 2500-3000 ადამიანი მივიდა, მათ თვლას აზრიც აღარ აქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალია რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.
„უკვირთ, ამ ადამიანებს უსამშობლოებს რატომ ვეძახით? უსამშობლო როგორ არ უნდა დავუძახოთ მათ, ვინც ქვეყნის დაბადების დღეზე, დამოუკიდებლობის დღეზე აქციას გეგმავს. უსამშობლოები არიან, რადგან ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, სუვერენიტეტს და ეროვნულ იდენტობას რაც ეხება, იმასთან ბმა არ აქვთ. ამ აქციას თვეები ამზადებდნენ, პროცესში დიპლომატიური კორპუსიც იყო ჩართული, რომლის მიერაც ეს პოლიტიკანები არიან ხელდასმული. რა გააკეთეს? – ევროპის დღე ევროპის არცერთ დედაქალაქში არ აღინიშნა, საქართველოში აქციის სახე მისცეს და ამ ყველაფრის გაგრძელება ვნახეთ გუშინაც. აქციაზე 2500-3000 ადამიანი მივიდა, მათ თვლას უკვე აზრიც არ აქვს. ესენი არიან გათითოკაცებული პარტაქტივი. გუშინ სალომეს კარუსელი ვნახეთ – ფანჩატური 4 წამოიწყეს, უკვე სათვალავიც აგვერია. ამ უნიჭო სპექტაკლის მერამდენე სერია უნდა აჩვენონ? ისევ სააკაშვილის ბანერები და რასა იუკნევიჩიანე ვნახეთ. ეს ხალხი ერთსა და იმავე წრეზე მოძრაობს, სასოწარკვეთილი პარტაქტივია. სალომე ზურაბიშვილი ბუნდოვანი იყოო და ნათელი, საღი როდის გვინახავს? ეს ყველაფერი სასაცილოა“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.