ირაკლი კირცხალია - ბალტიისპირეთი გვანებივრებს ყოველგვარი მორალისგან დაცლილი განცხადებებით, გადაწყვეტილებებით, ეს ღიმილის მომგვრელია და ანეკდოტად გადაიქცა
ბალტიისპირეთი გვანებივრებს ყოველგვარი მორალისგან დაცლილი განცხადებებით, გადაწყვეტილებებით, ეს ღიმილის მომგვრელია და ანეკდოტად გადაიქცა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალია ლიეტუვის მიერ საქართველოს კიდევ ათი მოქალაქის მიმართ დაწესებულ სავიზო სანქციებს გამოეხმაურა.
„ბალტიისპირეთი გვანებივრებს თავისი ყოველგვარი მორალისგან დაცლილი განცხადებებით, მორალისგან დაცლილი გადაწყვეტილებებით. უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია და ანეკდოტად გადაიქცა. დღეს, როდესაც ბალტიისპირა ქვეყნების წარმომადგენლები რუსულის ნარატივით, პრორუსულის ნარატივით საუბრობენ, ყველამ კარგად ვიცით, რეალურად, რას აკეთებენ თვითონ. ფაქტობრივად, თავიანთი ეკონომიკა მთლიანად მიაბეს რუსეთის ფედერაციას, არაფერს ვამბობ მათი მაღალჩინოსნების მეუღლეებსა და ოჯახის წევრებზე, რომლებიც ასეულობით მილიონს შოულობენ რუსეთის ფედერაციაში. ეს საჯაროდ ცნობილია არა მარტო ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის. რატომ არიან კიდევ მორალისგან დაცლილები? რადგან ამ ქვეყნებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ, ყველაფერზე წავიდნენ თუნდაც იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც მეგობარს ეძახდნენ, რათა დაცული იყოს თავიანთი მერკანტილური ინტერესები და თავიანთი უსაფრთხოება გეოპოლიტიკურ ჭრილში. ეს დაგვანახეს ღიად, ნათლად და სწორედ ასეთი მართლაც ღიმილის მომგვრელი გადაწყვეტილებები ცხადყოფს ამ ყველაფერს. ლოგიკასთან ბმა არ აქვს, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ყველა იმ გადაწყვეტილებას, ეგრეთ წოდებულ სანქციას, რომელიც მათ დააწესეს სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის თუ არაპოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.