ირაკლი კირცხალია - არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ თავმოყვარე, სუვერენულმა სახელმწიფომ შეურაცხმყოფელი, დიპლომატიურ ჩარჩოებს გაცდენილი განცხადებების შემდეგ ელჩი უწყებაში დაიბაროს
არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ თავმოყვარე, სუვერენულმა სახელმწიფომ შეურაცხმყოფელი და დიპლომატიურ ჩარჩოებს სრულიად გაცდენილი განცხადებების შემდეგ ელჩი უწყებაში დაიბაროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კირცხალიას თქმით, პეტერ ფიშერმა დაარღვია ყველა საერთაშორისო ნორმა და პირდაპირ გადასულია მასპინძელი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაში.
„გერმანიის ელჩის მოღვაწეობა ჩვენს ქვეყანაში ძალიან ნათელია და ამას ჩვენი მხრიდან დიდი გაანალიზება არ სჭირდება, რადგან საზოგადოება ნათლად ადევნებს თვალყურს მის თითოეულ პოლიტიკურ ქცევას. არაფერს ვამბობ იმ კონვენციის პრინციპების დარღვევაზე, რასაც ის ყველაზე ნათლად, მკაფიოდ და გამოხატულად ეწევა სხვა რამდენიმე საელჩოსგან განსხვავებით. ზოგადად, რამდენიმე ევროპული ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა არის დაკავებული ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ შიდაპოლიტიკური საქმიანობით, მაგრამ გამოკვეთილი ლიდერია, ასე ვთქვათ, ავანგარდში გვევლინება ბატონი ფიშერი შეურაცხმყოფელი განცხადებებით, შეურაცხმყოფელი ქმედებებით, შეურაცხმყოფელი პერფორმანსებით. თავი რომ დავანებოთ იმ საერთაშორისო კონვენციის პრინციპების დარღვევას, შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ქვეყანას, შეურაცხყოფას აყენებს თავის ქვეყანას, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი იყო, ყოველ შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნებში, დემოკრატიით. ზოგადად, ყველანი კარგად ვხედავთ იმ ბიუროკრატების ქცევას, ძირითად ევროპულ ქვეყნებში, სადაც, არაერთხელ გვითქვამს, ყველაზე სწორი ნათქვამია, რომ, რეალურად, ევროპაში ევროპული ღირებულებებია დასაბრუნებელი. ასე რომ, მათი საქციელი ჩვენს ქვეყანაში არახალია და არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ თავმოყვარე, სუვერენულმა სახელმწიფომ ასეთი შეურაცხმყოფელი და დიპლომატიურ ჩარჩოებს სრულიად გაცდენილი განცხადებების შემდეგ ელჩი დაიბაროს უწყებაში.
ასე რომ, ტყუილად ნუ აღშფოთდებიან. ეს არის რეაქცია სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის, ნაკლებად საინტერესოა, რა მიიჩნია ბატონმა ფიშერმა ან იმ არარჩეულმა ბიუროკრატებმა თუ „დიფ სთეითის“ ხელდასმულმა პოლიტიკოსებმა თავისივე ქვეყანაში, რომლის სცენარსაც და კურსსაც თავხედურად, უტიფრად ახორციელებს ჩვენს შიდა პოლიტიკაში ჩარევით. ამ ადამიანზე საუბრისას უნდა გაგვახსენდეს მისი პერფორმანსი და შეურაცხმყოფელი განცხადება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რადგან ეს არის ადამიანი, რომელმაც დაარღვია ყველა საერთაშორისო ნორმა და ასევე პირდაპირ გადასულია მასპინძელი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ღიად, თავხედურად ჩარევაში. ამის შემდეგ ბედავს და სანქციად აღიქვამს სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის რეაქციას საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. პეტერ ფიშერმა მედიასთან კომენტარი გააკეთა საგარეო უწყებაში შესვლამდე და აღნიშნა: „ოფიციალურად დაბარებული ვარ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. დაბარება არის დიპლომატიური სანქციის ფორმა, რაც ძალიან უჩვეულოა მეგობარ ქვეყნებს შორის. მტკიცედ უარვყოფ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელიც გაკეთდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მისამართით, ჩემ და სხვა ელჩების წინააღმდეგ. საყვედურს გამოვთქვამ საქართველოს ამჟამინდელი კურსის მიმართ, რომელიც წინააღმდეგობაშია ევროკავშირის წევრობასთან“.