„ევროპულ საქარველოში“ აცხადებენ, რომ მათი აქტივისტები პლაკატების გაკვრის გამო დააჯარიმეს, რაც პარტიის საქმიანობაში ხელის შეშლაა
„ევროპულ საქარველოში“ აცხადებენ, რომ მათი აქტივისტები პლაკატების გაკვრის გამო დააჯარიმეს, რაც პარტიის საქმიანობაში ხელის შეშლაა

თბილისის მერიამ გადაწყვიტა, არარსებული რეგულაციით ხელი შეეშალათ პლაკატის გაკვირსთვის, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი კიკნაველიძე „სთრით არტის“ ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებას, რომ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატების გამო კედლის მოხატვას ვერ ახერხებენ.

მისივე თქმით, „ევროპული საქარველოს“ აქტივისტები პლაკატების გაკვრის გამო დააჯარიმეს და პარტიებისთვის საქმიანობის ხელის შეშლას მომავალშიც აპირებენ.

ამასთან, როგორც კიკნაველიძე აღნიშნავს, კანონის მიხედვით, აკრძალვა აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს უფრო დიდ სიკეთეს, ვიდრე გამოხატვის თავისუფლებაა.

„ევროპულმა საქართველომ“ დაიწყო აქტიური საარჩევნო კამპანია, წარვადგინეთ მაჟორიტარობის კანდიდატები უმრავლეს მაჟორიტარულ ოლქში. დავიწყეთ კამპანია, რომლის ერთ-ერთი ნაწილია, საქართველოში პლაკატების გაკვრა და ეს არის გზა, რითიც ვსარგებლობთ, ვაწოდებთ საზოგადოებას ინფორმაციას საარჩევნო ნომრის, ჩვენი გეგმებისა და განწყობების შესახებ. გუშინ თბილისის მერიამ გადაწყვიტა, რომ არარსებული რეგულაციით ხელი შეეშალათ პლაკატის გაკვირსთვის. ისინი წერენ ჯარიმებს და აპირებენ, რომ ხელი შეუშალონ მომავალშიც პარტიებს ამ საქმიანობაში. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში უკვე არსებობს ამ ხელისუფლების მიერ შემოღებული არაერთი რეგულაცია, რომელიც ხელს უშლის ოპოზიციურ პარტიებს მუშაობაში, კამპანიების ჩატარებაში“, – განაცხადა კიკნაველიძემ.

მისივე თქმით, თბილისის ქუჩებში ათასობით პლაკატია გაკრული, რომელზეც მერიას პასუხი არ მოუთხოვია, რაც კანონის შერჩევით აღსრულებაზე მიუთითებს.

„ეს არის პრინციპულად არასწორი, ცუდი პოლიტიკური გარემოს შემქმნელი, მაგრამ ასევე გვიჩვენებს იმ ძალიან მძიმე პანიკასა და დამოკიდებულებას, რაც საქართველოს ხელისუფლებას ამ კამპანიის მიმართ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

საქართველოს ქუჩის ხელოვნების ფედერაციის ორგანიზებით, გაგარინის ქუჩის მიმდებარედ „სთრით არტის“ ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო.

ფესიტავლის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ლუკა ჯაფარიძის განცხადებით, მათ მერიიდან შესაბამისი ნებართვა მიღებული ჰქონდათ, რომ ამავე ქუჩაზე, ერთ-ერთ კედელზე ფესტივალის ფარგლებში, ნახატები უნდა განეთავსებინათ, თუმცა ორგანიზატორებს „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატები დახვდათ გაკრული.