ირაკლი ხმალაძე - ზონალურ-საათობრივი პარკირების დღეს არსებული ყველა შესაძლებლობა და ფასი უცვლელი დარჩება
ირაკლი ხმალაძე - ზონალურ-საათობრივი პარკირების დღეს არსებული ყველა შესაძლებლობა და ფასი უცვლელი დარჩება

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების დღეს არსებული ყველა შესაძლებლობა და ფასი უცვლელი დარჩება.

როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუმარტა, პარკირების სატარიფო პაკეტს მსურველებისთვის ემატება მხოლოდ ვადიანი აბონიმენტები, რაც უმეტესად ბიზნესსექტორისა და ორგანიზაციებისთვის არის გათვლილი.

მისვე თქმით, მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ, ისარგებლონ პარკირების იმავე ფასებით, რომლითაც აქამდე სარგებლობდნენ.

„ზონალურ-საათობრივი პარკირების ტარიფებში ცვლილებები დაგეგმილი არ არის. მისი ღირებულება ისევ ერთი ლარია, წლიური სააბონიმენტო კი, კვლავ 50 ლარი ღირს. ჩვენ სიახლის სახით შევთავაზეთ ბიზნესსექტორს, რაც მათი მოსაზრებაც იყო, რომ თუ მაგალითად, კომპანია გადაიხდიდა 800 ლარს სატრანსპორტო საშუალებაზე წლის განმავლობაში, საათობრივი საფასური მისთვის მთელი წელი ყოფილიყო უფასო. შესაბამისად, წარმოვადგინეთ რამდენიმე პაკეტი საკრებულოში – ეს არის ერთწლიანი, ექვსთვიანი, ერთთვიანი და ერთდღიანი პაკეტები, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ მსურველებმა. ეს არ არის სავალდებულო. ყველა არსებული პირობა, ოფცია და ფასები, რომელიც დღეს და დღემდე მოქმედებდა, ისევეა შენარჩუნებული, უბრალოდ დამატებითი ოფციის სახით, შემოტანილია წლიური, ექვსთვიანი, ერთთვიანი და ერთდღიანი აბონემენტები, რომელთა შეძენა შეუძლიათ ორგანიზაციებსა და ბიზნესსექტორს, სურვილის შემთხვევაში.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სხვა დანარჩენი პირობები – ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური და წლიური 50-ლარიანი სააბონემენტო კვლავ ძალაში რჩება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.