ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ მზად არის, ტაქსის მძღოლებს შეხვდეს, თუმცა რეფორმის გადავადების მოთხოვნა მისთვის მიუღებელია
ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ მზად არის, ტაქსის მძღოლებს შეხვდეს, თუმცა რეფორმის გადავადების მოთხოვნა მისთვის მიუღებელია

ყველა პრობლემა, რაზეც ტაქსის მძღოლები საუბრობენ, ჩვენ თავის დროზე გავითვალისწინეთ და ამის გათვალისწინებით შეიქმნა ტაქსის რეფორმის მოდელი,- ამის შესახებ თბილისის მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ტაქსის რეფორმა ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია, მათ შორის, ტაქსის მძღოლებისთვისაც.

„მოკლე და გრძელვადიან ჭრილში მათთვის უფრო მეტად სარგებლიანი იქნება რეფორმის განხორციელების შემდეგ მომსახურების გაწევა. გამომდინარე აქედან, ჩვენთვის მიუღებელია რეფორმის გაპროტესტება. ვერ დავეთანხმები, რომ ვაუჩერი გადაღებვის ხარჯებს არ ფარავს. თუ მანქანა სხვა შეკეთებასაც საჭიროებს, ეს უკვე მანქანის მესაკუთრის საქმეა. უკვე ვნახეთ გადაღებილი მანქანები და დადასტურებულია, რომ გაცემული ვაუჩერი სრულად ფარავს ტაქსისტებისთვის გარეგანი ღებვის ხარჯებს”,- განაცხადა ხმალაძემ.

ვიცე-მერი ამბობს, რომ თუ საჭიროება დადგება, მზად არის ტაქსის მძღოლებს შეხვდეს, თუმცა რეფორმის გადავადების მოთხოვნა მისთვის მიუღებელია.

„აქამდეც მქონდა შეხვედრები ტაქსების ასოციაციასთან და ტაქსის მძღოლებთან. მაგრამ არ მგონია, რომ ახლა უნდა განვიხილოთ რაიმეს გადავადების საკითხი. პირიქით, მგონია, რომ რეფორმა დროულია. თუ რაიმე სხვა სირთულეებზე იქნება საუბარი, ამაზე შეიძლება მათთან საუბარი. გადავადება, ფერის სტანდარტის ცვლილება და მარჯვენა საჭის შეზღუდვის მოხსნა ეს მიუღებელია და ვერ დავუშვებთ. თუ ვინმე ამბობს, რომ მანქანა ნაქირავები ჰყავს, შეუძლია მეპატრონეს დაუბრუნოს ან მასთან შეთანხმებით გადაღებოს. ჩვენ ყველა ეს გარემოება გათვალისწინებული გვაქვს და არცერთ მძღოლს გამოუვალი მდგომარეობა არ ექნება”,- განაცხადა ხმალაძემ.