ირაკლი ხმალაძე - „სითი ინსტიტუტთან“ კონსულტაცია შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფი მერიის პოზიციებს მიიღებს
ირაკლი ხმალაძე - „სითი ინსტიტუტთან“ კონსულტაცია შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფი მერიის პოზიციებს მიიღებს

„სითი ინსტიტუტთან“ კონსულტაცია შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფი მერიის პოზიციებს მიიღებს, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში დედაქალაქის გენერალურ გეგმის განხილვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მერიის მთავარი მიზანია, თბილისს ჰქონდეს სრულყოფილი და შესრულებადი გენერალური გეგმა. მისივე თქმით, თბილისის გენგეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დედაქალაქის მთავრობა მომავალ კვირაში გამოაცხადებს.

„კარგია, რომ დღევანდელი განხილვა შედგა პოლიტიკური განცხადებების გარეშე, თუ არ ჩავთლით ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას. კარგია ის, რომ შევძელით ჩვენი მოსაზრებების დაფიქსირება, რაზეც პასუხები გასცა გენგეგმის ჯგუფმა. ერთი რამ მინდა ვუთხრა დედაქალაქის მოსახლეობას, რომ მერია მიიღებს გადაწყვეტილებას დედაქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი მთავარი მიზანია, ქალაქს ჰქონდეს სრულყოფილი და მეორე მხრივ, შესრულებადი გენერალური გეგმა. ძალიან კარგი და მისასალმებელია, რომ გენგეგმის ჯგუფი გამოთქვამს მზაობას, გააგრძელოს ამ თემაზე მუშაობა. ჩვენ მომავალ კვირაში გამოვაცხადებთ საბოლოო გადაწყვეტილებას დოკუმენტთან დაკავშირებით. კიდევ გაგრძელდება კონსულტაციები და შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ხმალაძემ.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს თბილისის მთავრობას კომუნიკაცია არ ჰქონდა „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან. მისივე თქმით, სამუშაო ფორმატი შენარჩუნებული იქნება.

„ტყუილია, რომ ჩვენ ამ ადამიანებთან კომუნიკაცია არ გვქონდა. სამუშაო ფორმატში ახლო ურთიერთობა გვქონდა. ეს ფორმატი შენარჩუნებული იქნება. ერთადერთი შემთხვევა, რა დროსაც შეიძლება გაგრძელდეს კონსულტაცია ამ ჯგუფთან, არის ის, თუ მიიღებს მერიის პოზიციებს. დოკუმენტის მიღებით არ მთავრდება საქმე. დოკუმენტის მიღებით იწყება საქმის კეთება, ამიტომ დოკუმენტი უნდა იყოს სრულყოფილი და არ უნდა ლახავდეს ადამინების უფლებებს და ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.