ირაკლი ხმალაძე - „შმაქსისტების“ თემა აღარ არის საინტერესო
ირაკლი ხმალაძე - „შმაქსისტების“ თემა აღარ არის საინტერესო

მგონია, რომ „შმაქსისტების“ თემა აღარ არის საინტერესო, თუმცა, მაინც გეტყვით, რომ არსებობს „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ კანონი, რომელიც ამბობს, რომ მგზავრის გადაყვანა M1 კატეგორიით საჭიროებს ნებართვას და არის საკრებულოს დადგენილება, რომელიც განმარტავს, რა არის ტაქსი, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ მგზავრის გადაყვანა ხდება ერთი ადგილიდან მეორეში და ამაში იხდის ფულს, მძღოლი აუცილებლად დაჯარიმდება.

„მასში არის ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი – მგზავრის გადაყვანა ანაზღაურების სანაცვლოდ. „გირჩმა“ მოიგონა, რომ ვითომ პატრული მოვატყუოთ, ფულს არ გვიხდით გადაყვანისთვის და გვიხდით განათლებაში. სადაც პატრულმა ნახა მგზავრი, რომელიც ზის მანქანაში იმისთვის, რომ გადაადგილდეს ერთი წერტილიდან მეორემდე, მოხდა მძღოლის დაჯარიმება. იყო შემთხვევები, როცა ავტომანქანაში მარტო მძღოლი იჯდა და მგზავრის გადაყვანას არ ახორციელებდა, ამ შემთხვევაში მძღოლი არ დაჯარიმებულა.

თუ მოახერხებენ პატრულის მოტყუებას, შეიძლება პატრული მოტყუვდეს და არ დაწეროს ჯარიმა, მაგრამ თუ ვსაუბრობთ მოქმედების სამართლებრივ ბუნებაზე, ეს არის მგზავრობა. დილით ადამიანი გაჩერებაზე რომ დგას და სამსახურში მიდის, „გირჩის“ პოლიტიკური იდეოლოგიის მოსმენის გამო ვინ ჯდება მანქანაში? ვინ იხდის ამაში ფულს? თუ მძღოლი ეტყვის, რომ პატრულის გაჩერების შემთხვევაში უთხარი, რომ ფულს განათლებაში იხდი, ეს უკვე პარადოქსია. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გადაყვანა ხდება ერთი ადგილიდან მეორეში და ამაში ფულს იხდით, მძღოლი აუცილებლად დაჯარიმდება. ტაქსიში როდესაც ჯდებით, თქვენთან პირველი კითხვაა სად მიდიხართ და არა რომელი პროგრამა გინდათ მათი განათლებიდან, მოისმინოთ“, – განაცხადა ხმალაძემ.