ირაკლი ხმალაძე - მულტიფუნქციური კომპლექსების აშენება კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო  
ირაკლი ხმალაძე - მულტიფუნქციური კომპლექსების აშენება კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო  

თბილისში, ლისის ტბისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტირება სრულდება და 2019 წელს სამშენებლო სამუშაოები დაიწყება, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ახალი გზის პროექტი მოკლე ვადებში განხორციელდება, რადგან ის მოძრაობას არ აფერხებს.

„სრულიად ახალი მონაკვეთია და არ უკავშირდება არსებულ გზას. რა თქმა უნდა, ბოლოს შეერთება გელოვანზე, თუმცა მშენებლობა თავისუფლად იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ხმალაძემ.

ამასთან, მისი თქმით, მომავალ წელს უნდა დაიწყოს ახალი ხიდის მშენებლობა უნივერსიტეტის ქუჩიდან.

„ესეც სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა იქნება, რომელიც ტრანსპორტისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

რაც შეეხება მულტიფუნქციური კომპლექსების აშენებას, ხმალაძის თქმით, ეს მერის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, შესაბამისად, 2019 წელს დაგეგმილია ორი მულტიფუნქციური კომპლექსის აშენება.

„დაგეგმილი არის პარკების რეაბილიტაცია, ახალი პარკების მშენებლობისთვის გათვალისწინებულია საკმაოდ დიდი თანხები, გამწვანებისთვისაც დიდი თანხა მიიმართება. 400 მილიონ ლარზე მეტი იქნება 2019 წელს გაწეული ხარჯები ქალაქის ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის“, – განაცხადა ვიცე-მერმა.

ამასთან, მან გასული წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ 2019 წელს უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.