ირაკლი ხმალაძე - დედაქალაქში არაერთი არეალი ქაოტური განაშენიანებისგან დავიცავით
ირაკლი ხმალაძე - დედაქალაქში არაერთი არეალი ქაოტური განაშენიანებისგან დავიცავით

დედაქალაქში არაერთი არეალი ქაოტური განაშენიანებისგან დავიცავით, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „თბილისის ურბანული განვითარების პოლიტიკის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, დედაქალაქში მშენებლობა შესაფერის ადგილას, დაგეგმილი ფორმით უნდა განხორციელდეს.

„ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება ქალაქის ქაოტური განაშენიანებისგან დაცვა იყო. ჩვენ არ გავცემთ მშენებლობის ნებართვას, ვიდრე მისი დეტალური დაგეგმარება არ მოხდება. ასეთი დამოკიდებულებით განაშენიანებას ბევრი მნიშვნელოვანი სივრცე გადავარჩინეთ. ერთ-ერთი მათგანია დიღმის ტყე-პარკი, სადაც ტერიტორიები პრივატიზებული იყო, თუმცა, მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენ უკვე გამოვისყიდეთ. იგივე ითქმის კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეც.  ყველამ კარგად ვიცით იპოდრომზე კორტების მაგალითიც. აქ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის მიზნით, დაახლოებით, 10-11 წლის წინ, მიწის ნაკვეთი პრივატიზებული იყო და ჩვენ მისი ადგილმონაცვლეობა მოვახდინეთ. გავიხსენოთ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაც, ჩვენ აქ მშენებლობის ნებართვა არ გავეცით და სკვერები მოვაწყვეთ. ცნობილია ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის შესახებ გაცემული ნებართვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქ სასტუმრო არ აშენდება. ბოლოს კი დიდ დიღომში ანბანის სკვერს გამოვყოფდი. საბოლოოდ,  თითოეული მათგანი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს უჯდება მილიონობით ლარი, მაგრამ ეს არის ის სიკეთე, რაც ჩვენს ქალაქს უნდა შევუნარჩუნოთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის თქმით, მუნიციპალიტეტი ნებართვებს გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სათანადოდ გეგმარება მოხდება.

„დედაქალაქის მასშტაბით, დაუსახლებელ, ინფრასტრუქტურულად მოუწესრიგებელ არეალებზე მშენებლობის ნებართვას გავცემთ დეტალური დაგეგმარების შემთხვევაში. ასეთი ტერიტორიებია: თბილისის ზღვის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიები და სხვ. ჯამში, 11 არეალია, რომელიც გენერალური გეგმით იქნა განსაზღვრული“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.