ირაკლი ხმალაძე- ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციისას, საცობებისგან განტვირთვა ისევე მოხდება, როგორც პეკინის შემთხვევაში
ირაკლი ხმალაძე- ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციისას, საცობებისგან განტვირთვა ისევე მოხდება, როგორც პეკინის შემთხვევაში

ირაკლი ხმალაძე – რეაბილიტაციის დროს ჭავჭავაძის გამზირის საცობებისგან განტვირთვა ისევე მოხერხდება, როგორც პეკინისა და შარტავა-კოსტავას შემთხვევაში,- ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსის ზოლები მოეწყობა და კონცეფციით, უპირატესობა მუნიციპალურ  საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიენიჭება.

„მერის განცხადება დღეს ყველამ მოვისმინეთ. სამწუხაროა, რომ იშვიათად, თუმცა მაინც ხდება ავტობუსის ზოლის დაკავება სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიერ. მეც მინდა განვმარტო, რომ ეს ზოლი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი და ემსახურება კონცეფციას, სადაც უპირატესობა ენიჭება მუნიციპალურ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ქალაქში უნდა შევამციროთ ჰაერის დაბინძურება, გავზარდოთ მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა და ზოგადად მოხმარება. აქედან გამომდინარე, დღეს დავალებაც მივიღე მერისგან, 2019 წელს გათვალისწინებული იქნება ხარჯები სათვალთვალო ვიდეოკამერებისთვის, სადაც მოხდება ყველა დამრღვევი მანქანის იდენტიფიცირება და შესაბამისი ჯარიმების გამოწერა. ანალოგიურად შემიძლია ვთქვა ველობილიკებზე და ტაქსების სპეციალურ სადგომებზე, რომელიც ჩვენ ტაქსების რეფორმის ფარგლებში განვახორციელეთ. პირადად მინახავს, როგორ აყენებენ ასეთ ადგილებში სხვა ავტომობილებს. სატრანსპორტო კომპანია და თბილისის საპატრულო პოლიცია ამაზე უფრო მკაცრ რეაგირებას განახორციელებენ, გამოიწერება ჯარიმები და მოხდება ევაკუაცია, ვინაიდან ეს ადგილები ექსკლუზიურად ტაქსისტებისთვისაა განკუთვნილი“,-განაცხადა ირაკლი ხმალაძემ და აღნიშნა, რომ ჯარიმები იქნება იმ ოდენობის, რომელიც სამართალდარღვევის პრევენციას მოახდენს.

„ჯარიმის გაზრდის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ეს არის დღეს ინიცირებული საკითხი, რომელიც მერმა დაგვავალა. შესაბამისად, მოვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას და გადავხედავთ სამართლებრივ მხარეს, თუ არ გვაქვს შესაბამისი სამართლებრივი რეჟიმი, მზად ვართ შევცვალოთ. პარლამენტი, როგორც ყოველთვის, გვერდში გვიდგას“,-განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.