ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ მეტროპოლიტენში ახალი მემანქანეები მეტროს ახალი შემადგენლობების დამატების გამო მიიღეს
ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ მეტროპოლიტენში ახალი მემანქანეები მეტროს ახალი შემადგენლობების დამატების გამო მიიღეს

დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ თბილისის მეტროპოლიტენში მემანქანეების ახალი ნაკადი მეტროს ახალი შემადგენლობების დამატების გამო მიიღეს. ხმალაძე განმარტავს, რომ ეს პროცესი არანაირად არ არის კავშირში მემანქანეების გაფიცვასთან.

„იმის გამო, რომ დაემატა ოთხი ახალი შემადგენლობა, ამას დასჭირდა ახალი პერსონალი, რომელიც ასევე გადავამზადეთ. იმისთვის, რომ გავზარდოთ მგზავრთა მომსახურება, განხორციელდა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მოდერნიზება, დაემატა შემადგენლობები და დაემატა მემანქანეები. აბსოლუტურად კავშირში არაა მემანქანეების გაფიცვასთან. ეს კავშირშია იმასთან, რომ სატრანასპორტო პოლიტიკის ფარგლებში განვაცხადეთ, რომ ყოველწლიურად მეტროს უნდა დაემატოს ოთხი ახალი შემადგენლობა.

თუ შემადგენლობები ემატება, ამას ხომ სჭირდება თავისი ახალი პერსონალი. სწორედ ამიტომ მოხდა პერსონალის დამატება. მომავალ წელს კიდევ დავამატებთ ოთხ ახალ შემადგენლობას და კიდევ გადავამზადებთ დამატებით მემანქანეებს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.