ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა
ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა

უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

უკრაინელი კოლეგა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 2 ივნისს ეწვია.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა და დენის შმიგალმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს.

დენის შმიგალმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.