ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა
ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„მინდა, ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო, ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს. სამი ყოფილი სამხედრო გარდაიცვალა ამ ომის დროს. ჩემი ინფორმაციით, ისინი იბრძოდნენ ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში, ზოგიერთი მათგანი ასევე აგვისტოს ომში. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოხდეს მათი საქართველოში გადმოსვენება, დაბრუნება. რა თქმა უნდა, მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ ვუცხადებ სამძიმარს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, დაღუპული მებრძოლების სიკვდილით მანიპულირება ცუდი საქციელია.

„მინდა, მოგიწოდოთ ყველას თხოვნით, რომ ამ გარდაცვლილი ბიჭების სიკვდილით ნუ გააგრძელებთ სპეკულირებას. ეს არის ძალიან ცუდი საქციელი, მეგობრებო. ეს იწვევს შუღლს, საზოგადოების დაბნევას, მოსახლეობის დაძაბვას. არ არის საჭირო გარდაცვლილი ბიჭებით, მათი სიკვდილით მანიპულირება საზოგადოების გრძნობებზე და ემოციებზე“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.