ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას მიმართა - ყველაზე ანტიევროპული, ფაშისტური ძალა იყავით, არაფერი გაგიკეთებიათ ევროინტეგრაციის გზაზე, ევროპაზე ბევრს რომ ლაპარაკობთ, სამი წელი დააგვიანეთ, სად იყავით, გეძინათ?!
ყველანაირ ძალადობას ვემიჯნებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ძალადობა არის მიუღებელი, არ შეიძლება ძალადობის მოწონება, წახალისება.
„ძალადობა არის მიუღებელი, რომელ ძალადობაზე ლაპარაკობენ ეს ადამიანები?! ადამიანებს ხვრეტდნენ პირდაპირ ქუჩაში, ახალგაზრდებს, ახლა მე რომ მეძახიან, თურმე რაღაცას ვუწოდებ, მაგას განვმარტავ, მაგრამ პირდაპირ ხოცავდნენ ქუჩაში, არბევდნენ სიკვდილამდე, რა დღეში ვიყავით, ციხეები გადავსებული ჰყავდათ პატიმრებით, 20 კვადრატულში, აგერ ჰკითხეთ, ბატონი ბრეგაძე, 20 კვადრატულ საკანში 30 ადამიანი ჰყავდათ გამომწყვდეული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა, ყველაფერი, ჯოჯოხეთი გქონდათ მოწყობილი თქვენი მოქალაქეებისთვის, 300 ათასი ადამიანი გაასამართლა ამ ფაშისტურმა რეჟიმმა, ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი იყო ამათი, ბიზნესის ტერორი, თავისუფლად ვერ სუნთქავდა ადამიანი, მოქალაქე. რაზე საუბრობენ, ესენი როგორ ბედავენ საერთოდ ამდენის ლაპარაკს, როგორ ბედავენ ეს ადამიანები საერთოდ ამაზე ლაპარაკს და დღეს თურმე ჩვენ გვდებენ ბრალს ძალადობაში.
ახლა კითხვა მინდა დაგისვათ: გამოიძია თუ არა სახელმწიფომ თითოეული ეს ფაქტი?! მყისიერად მოახდინა რეაგირება პოლიციამ, ყოველ ასეთ შემთხვევაზე ჩვენ გვაქვს მყისიერი რეაგირება. ყველა თავდამსხმელი თუ ძალადობაში მონაწილე იქნა დაპატიმრებული და თქვენს შემთხვევაში თავად აორგანიზებდით, თავად იყო ჩართული მთელი თქვენი სისტემა, მოძალადე სისტემა, თავად მონაწილეობდით, აი, ამ მკვლელობებში და წამებაში და გაუპატიურებაში. აღარ მინდა, ვისაუბრო ბევრი, მაგრამ ყველამ, საზოგადოებამ ნახა ის შემაძრწუნებელი კადრები, რა ხდებოდა სამეგრელოს ტყეებში, როგორ აწამებდნენ ადამიანებს. რა მნიშვნელობა აქვს, 11 წელი, რეაქცია ნახეთ, 11 წელი გავიდაო, იმავეს ყოველდღე, ყოველდღე შეგახსენებთ, კი იმავეს, მე არ დავიღალე და არავინ არ დაიღლება, თქვენ დაიღალეთ. მათი ლოგიკა ნახეთ ახლა და მათი აზროვნების სტილი, ესე იგი წარსულია, კი, ჩავდიოდით, ვაწამებდით, ვკლავდით, ვაუპატიურებდით, მაგრამ მერე რა, წარსულია.
ამათ რა აქვთ სათქმელი საერთოდ, ყველაზე ანტიევროპული, ფაშისტური ძალა იყავით თქვენ, არაფერი არ გაგიკეთებიათ, არც ევროპული ინტეგრაციის გზაზე, არაფერი, საერთოდ არაფერი გაგიკეთებიათ. ბევრს რომ ლაპარაკობთ ევროპაზე, სამი წელი დააგვიანეთ, სად იყავით, გეძინათ?! სამი წელი დააგვიანეთ, არ დაიწყეთ არც ასოცირების პროცესი, არც უვიზო რეჟიმზე მუშაობა, არაფერზე, სად იყავით მაშინ? რატომ არ გქონდათ პოზიცია და რეაქცია? ახლა გეტყვით მაგაზე, სად ვიყავი და 2012 წელს თქვენი ბინძური სისტემის დანგრევაში მივიღე მონაწილეობა, აი, სად ვიყავი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.